ძიუდო

17:20 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ კახაბრიშვილი: "ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს, თუ ერთად ვიქნებით"

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურის ტრიუმფის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ლაშას ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან ქართველ ძიუდოისტს მხრის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ექიმების დახმარებით გამოჯანმრთელებმა მოასწრო.

„ბედნიერი ვარ, რომ ლაშა ბექაურმა დღეს საქართველოს დელეგაციას პირველი ოქრო მოუტანა. ვულოცავ მთელ საქართველოს, გულშემატკივარს და მის ოჯახს. მინდა, ცალკე მივულოცო ჩემს ექიმებს, რომლებმაც დაიჯერეს, ერთად დავწერეთ პროგრამა. ძიუდოს ექიმები აღიარებენ, რომ 3 კვირაში შეიძლება ადამიანი მოარჩინო გვერდზე დგომით და გახადო ოლიმპიური ჩემპიონი იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც მან მსოფლიოს ჩემპიონატზე. მადლობა ჩემს ექიმებს, გიორგი ლომიძეს, დავით ასკურავას, მის პირად მწვრთნელს ლექსო გულიაშვილს, რომელიც არაფერს თაკილობდა. მინდა, ემოციურად მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდში გვედგა, დავით ქევხიშვილს, ყველას, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ლაშა გუჯეჯიანისა და მისი სამწვრთნელო შტაბის თვალებში დავინახე, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებოდით და არა ჩასაფრებულები, გამარჯვებას მივაღწევდით. დღევანდელი გამარჯვება იმის მაგალითი იყო, რომ ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს თუ ერთად ვიქნებით“, - თქვა კახაბრიშვილმა.

მოგეხსნებათ, ბექაურმა მხირს ტრავმა თვე-ნახევრის წინ გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო, მაგრამ სამედიცინო შტაბმა შესანიშნავად იმუშავა და 21 წლის ძიუდოისტის ფორმაში შეყვანა მოასწრეს.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და მეორე წრეში პოლონელ პიოტრ კუჩერას ადვილად მოუგო. ლაშამ თავიდან ვაზარი მოიპოვა, მერე კი მეტოქე შებოჭა და იპონით იმარჯვა. მერვედფინალში ბექაური ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ გაუჭირდა და თავიდან ვაზარით აგებდა, მაგრამ ამის შემდეგ წუთზე ნაკლებ დროში ორი ვაზარი თავად მიითვალა და საბოლოოდ იპონით იმარჯვა. მეოთხედფინალში ლაშამ უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა. ლაშა უპირატესობას ფლობდა, ერთ მომენტში კი უზბეკმა თავი სახიფათოდ დაიცვა, რის გამოც მსაჯებმა შეხვედრიდან მოხსნეს. ამრიგად, ლაშას ნახევარფინალის საგზური ერგო. ნახევარფინალში ლაშამ რუსი მეტოქე, მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა! შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ბექაური უპირატესობას ფლობდა და მომგებიანი გდებაც განახორციელა. ფინალში 21 წლის წლის ქართველი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა. ლაშა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როცა ვაზარით დაწინაურდა და იქვე მეტოქე შებოჭა, 7 წამი შებოჭილიც ჰყავდა, მაგრამ იპონამდე სულ რაღაც 3 წამი რჩებოდა, როცა ტრიპელმა თავის დაღწევა მოახერხა. საბოლოოდ, ბექაურმა ამ ვაზარის წყალობით ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ტოკიოს ოლიმპიადაზე სამი მედალია და სამივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედლები, ხოლო ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი! 29 ივლისს, ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.

0.108293