ძიუდო

16:45 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური: "ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია"

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ერთი თვის წინ არ იცოდა ოლიმპიადაზე იქნებოდა თუ არა, რადგან ტრავმა ჰქონდა, ხოლო ახლა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

“ზურაბ კახაბრიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ექიმია, რადგან ერთი თვის წინ ბუდაპეშტში მხარი ძლიერად დავიზიანე და ტოკიოში მონაწილეობა საეჭვო იყო. მისი წყალობით დღეს თავს მშვენივრად ვგრძნობ და შევძელი ჩემი საუკეთესო ძიუდოს ჩვენება. ახლა ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ცხოვრება მშვენიერია.

წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ყველას, ჩემს გულშემატკივარს, მთლიანად საქართველოს ვულოცავ, ვიცი, რომ ჩემი სამშობლო ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ჩემი სამშობლოსთვის ბოლომდე ვიბრძოლე და ეს შრომა, ბრძოლა დამიფასდა და ავიხდინე დიდი ოცნება. ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ, ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა ჩემს არხილოსკალოს, ჩემს მთლიან ქედებს და გუდამაყარს", - თქვა ბექაურმა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და მეორე წრეში პოლონელ პიოტრ კუჩერას ადვილად მოუგო. ლაშამ თავიდან ვაზარი მოიპოვა, მერე კი მეტოქე შებოჭა და იპონით იმარჯვა. მერვედფინალში ბექაური ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ გაუჭირდა და თავიდან ვაზარით აგებდა, მაგრამ ამის შემდეგ წუთზე ნაკლებ დროში ორი ვაზარი თავად მიითვალა და საბოლოოდ იპონით იმარჯვა. მეოთხედფინალში ლაშამ უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა. ლაშა უპირატესობას ფლობდა, ერთ მომენტში კი უზბეკმა თავი სახიფათოდ დაიცვა, რის გამოც მსაჯებმა შეხვედრიდან მოხსნეს. ამრიგად, ლაშას ნახევარფინალის საგზური ერგო. ნახევარფინალში ლაშამ რუსი მეტოქე, მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა! შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ბექაური უპირატესობას ფლობდა და მომგებიანი გდებაც განახორციელა. ფინალში 21 წლის წლის ქართველი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა. ლაშა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როცა ვაზარით დაწინაურდა და იქვე მეტოქე შებოჭა, 7 წამი შებოჭილიც ჰყავდა, მაგრამ იპონამდე სულ რაღაც 3 წამი რჩებოდა, როცა ტრიპელმა თავის დაღწევა მოახერხა. საბოლოოდ, ბექაურმა ამ ვაზარის წყალობით ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

გავიხსენოთ ისიც, რომ ბექაურმა თვენახევრის წინ გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო და სამედიცინო შტაბმა ყველაფერი გააკეთა, რომ ის ოლიმპიადას მზადყოფნაში შეხვედროდა...

შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ტოკიოს ოლიმპიადაზე სამი მედალია და სამივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედლები, ხოლო ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი! 29 ივლისს, ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.

0.126968