ძიუდო

9:33 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ სამი მოგება: ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ძიუდოში ასპარეზობა 90 კგ წონით კატეგორიაში დაიწყო, რომელშიც ლაშა ბექაური გამოდის და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მეოთხედფინალში ბექაურმა უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა. ლაშა უპირატესობას ფლობდა, ერთ მომენტში კი უზბეკმა თავი სახიფათოდ დაიცვა, რის გამოც მსაჯებმა შეხვედრიდან მოხსნეს. ამრიგად, ლაშას ნახევარფინალის საგზური ერგო, სადაც რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.

ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფლი იყო და მეორე წრეში პოლონელ პიოტრ კუჩერას ადვილად მოუგო. ლაშამ თავიდან ვაზარი მოიპოვა, მერე კი მეტოქე შებოჭა და იპონით იმარჯვა. მერვედფინალში ბექაური ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ გაუჭირდა და თავიდან ვაზარით აგებდა, მაგრამ ამის შემდეგ წუთზე ნაკლებ დროში ორი ვაზარი თავად მიითვალა და საბოლოოდ იპონით იმარჯვა.

მეოთხედფინალში დამარცხდა ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელსაც რუსმა მიხაილ იგოლნიკოვმა მახრჩობელა ილეთით მოუგო და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი რეპეშაჟში გადაინაცვლებს. ასე რომ, ბექაურს შერაზადიშვილის გამო რევანშიც აქვს ასაღები...

შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ვერცხლის მედალია და ორივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).

0.11768