ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ძიუდოში ასპარეზობა 90 კგ წონით კატეგორიაში დაიწყო, რომელშიც ლაშა ბექაური გამოდის და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფლი იყო და მეორე წრეში პოლონელ პიოტრ კუჩერას ადვილად მოუგო. ლაშამ თავიდან ვაზარი მოიპოვა, მერე კი მეტოქე შებოჭა და იპონით იმარჯვა.
მერვედფინალში ბექაური ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ გაუჭირდა და თავიდან ვაზარით აგებდა, მაგრამ ამის შემდეგ წუთზე ნაკლებ დროში ორი ვაზარი თავად მიითვალა და საბოლოოდ იპონით იმარჯვა. ამრიგად, ბექაური მეოთხედფინალში იასპარეზებს და უზბეკ დავლათ ბობონოვს შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ წარმატებით ასპარეზობს ესპანეთის სახელით ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც მეოთხედფინალშია, მაგრამ ორივე შეხვედრის მოგება საკმაოდ გაუჭირდ ადა მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა წარმატების მიღწევა. შერაზადიშვილი მომდევნო ეტაპზე რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ვერცხლის მედალია და ორივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).