ფეხბურთი

22:45 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი:"ბონუჩის კაპიტნის სამკლაური თუ უნდა, იყიდოს და ქუჩაში ითამაშოს"

ტურინის „იუვენტუსმა“ მასიმილიანო ალეგრი წარადგინა. მან ბევრ თემაზე ისაუბრა, მაგრამ განსაკუთრებით პაულო დიბალაზე, რომელიც გუნდის ვიცე-კაპიტნად გამოაცხადა. სამაგიეროდ, ცოტა არაკორექტულად ილაპარაკა ლეონარდო ბონუჩიზე, რომელსაც ვიცე-კაპიტნობა ჩამოართვა.

„ასე მგონია 18 წლის უკან დავბრუნდი, როცა სამწვრთნელო კარიერას ვიწყებდი. აღფრთოვანებული ვარ და ეს სასიამოვნოა. თავიდან ახალგაზრდა ბიჭებთან ვმუშაობდი, ეს კარგი გამოცდა იყო, მაგრამ ახლა ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და დატვირთვა გაიზრდება. წარსულზე საუბარი საკმარისია. გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, რომელთაც მუშაობის და განვითარების სურვილი გააჩნიათ. ისინი ამ კლუბის მომავალი არიან. ამ ფეხბურთელების გვერით არიან რონალდუ, კიელინი და ბონუჩი, რაც დამატებითი ღირებულება უნდა იყოს, მათ ახალგაზრდებს მაგალითი უნდა მისცენ. გვინდა, რომ მარტში ჩვენი მიზნებისთვის ვიბრძოდეთ.

ვამაყობ, რომ „იუვენტუსმა“ ისევ დამიძახა და გულშემატკივრები ასე თბილად დამხვდნენ. თუმცა, მთავარია 22 აგვისტოდან ქულების დაგროვება დავიწყოთ, წარსულში მიღწეული მომავალ ტიტულებთან კავშირში არ არის. „იუვეს“ მკაფიო დნმ აქვს, გამარჯვება მსხვერპლზე წასვლით მიიღწევა.

რონალდუ დიდი ჩემპიონია, საოცარი ფეხბურთელი და ჭკვიანი ბიჭი, მასთან ვისაუბრე, ვუთხარი, რომ წელს მნიშვნელოვანი სეზონია, მიხარია, რომ ისევ შევხვდი. მას ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე სამი წლის წინ, რადგან გუნდი ახალგაზრდულია. შემდეგ სეზონის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ერთადერთი, რაც მასზე ვიცი ისაა, რომ გოლებს გაიტანს. არ ვიცი, მარცხნივ ითამაშებს თუ ცენტრში. ის და დიბალა, ორი სნაიპერია, ვარჯიშებზე იშვიათად ცდებიან.

პაულო კარგადაა ფიზიკურად და მენტალურად, მან იცის გოლების გატანა. თამაშების რაოდენობით გუნდის კაპიტანია კიელინის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ბონუჩიმ გუნდი დატოვა და შემდეგ დაბრუნდა. მას ვესაუბრე და კარგადაა, დიდი ენთუზიაზმი აქვს და ვიტყოდი, რომ შესანიშნავი სეზონის ჩატარება შეუძლია.

რაბიომ უნდა მოუმატოს, მას საოცარი თვისებები აქვს და ამის ფონზე ძალიან ცოტა გოლს იტანს, ჩემპიონატში 10 გოლი უნდა გაიტანოს. ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ. მაკკენის გოლის ინსტიქტი გააჩნია, საბედნიეროდ მა გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც გოლების გატანა შეუძლიათ, სერია A-ში 75 გოლის გატანა მაინც საჭიროა, შემტევები ალბათ 40-45 გოლს გაიტანენ, დანარჩენი მცველების და ნახევარმცველების გასაკეთებელია.

დიბალას სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. შარშან საოცარი სეზონი არ ჰქონია, წელს შეუძლია მისი ღირებულება დაამტკიცოს. უკვე ზრდასრულ ასაკშია. როცა წავედი ძალიან ახალგაზრდა ბიჭი დავტოვე და ახლა ნამდვილი კაცია. შეუძლია გოლების გატანა და არაჩვეულებრივად თამაში, მასზე დიდ ფსონს ვაკეთებ და მისგან ბევრი უნდა მივიღო.

ამ სეზონში სერია A-ში ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელია და ჩენს შორის საინტერესო დაპირისპირება იქნება. „ინტერმა“ შარშან მოიგო და ისევ ფავორიტია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ გზის ასაშენებლად, რომელიც მაისში გამარჯვებამდე მიგვიყვანს. გარდა ამისა, გვაქვს იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ბევრი კომპონენტისგან შედგება, პირველი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სერია A ძალიან დაბალანსებული და დაძაბული იქნება, „მილანი“ გაიზარდა, მისი ახალგაზრდა ფეხბურთელები ერთი წლით გამოცდილები არიან, ის ფავორიტია „ინტერთან“, „იუვენტუსთან“, „რომასთან“, „ნაპოლისთან“ და „ლაციოსთან“ ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტაბილურობა.

კულუშევსკი კარგი ფეხბურთელია, უნდა მოუმატოს რეალიზაციის ფაზაში. მიზანია, რომ ეს გუნდი ბოლომდე მივიდეს, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოიგოს და ფეხბურთელებმა მოუმატონ. ამ გუნდის გაწვრთნა სასიამოვნოა, რადგან ახალგაზრდებით დავსეა. ენთუზიაზმით მომატება ნამდვილად შეგვიძლია.

საჯარიმო დარტყმები? რონალდუ შორიდან დაარტყამს, დიბალა უფრო ახლო დისტანციიდან. ამასთან, ერთი მემარჯვენეა, მეორე ცაცია, ვნახოთ, კიდევ ერთი მემარჯვენე თუ მოვა გუნდში. მნიშვნელოვანია, რომ დარტყმელები გვყავდეს.

ვიცით, რომ სკუდეტოს მოსაგებად საჭიროა გარკვეული გატანილი გოლების რაოდენობა და რაც შეიძლება ნაკლები გოლების გაშვება. შარშანაც საუკეთესო დაცვის გუნდმა მოიგო, ამ სეზონში სკუდეტოსთვის ვფიქრობ, რომ 86-88 ქულა საკმარისი იქნება.

გუნდის ვიცე-კაპიტანი პაულო დიბალა იქნება. „იუვენტუსში“ არის იერარქია, რომელშიც უპირატესობა ჩატარებულ მატჩებს ენიჭება. კიელინის ყველაზე მეტი აქვს, შემდეგ ბონუჩის, მაგრამ როცა მან გუნდი დატოვა, ეს უპირატესობა დაკარგა, შემდეგ დაბრუნდა და ახლა კაპიტანი სხვა უნფა იყოს. ნელ-ნელა ის თავის დაკარგულ პოზიციას იბრუნებს, მაგრამ თუ კაპიტნის სამკლაური უნდა, შეუძლია იყიდოს და ქუჩაში ითამაშოს (იღიმის), ლეომ ეს იცის.

ბერნარდესკი? ის კარგი ფეხბურთელია, საჭიროა სწორი მენტალობა, ეს ყველამ უნდა გამოავლინოს, რადგან მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს. ლოკატელი? ეს ტრანსფერის საკითხია და ამ თემაზე მე არ ვსაუბრობ.

„რეალს“ ორჯერ უარი ვუთხარი? დიახ, ასეა, განსაკუთრებით მეორედ. მადლობა პრეზიდენტ პერესს ინტერესის გამო. დავფიქრდი და „იუვენტუსი“ ავირჩიე. ეს იყო სიყვარულის ჟესტი კლუბის მიმართ, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ვფიქრობ ამ გუნდზე, რომელიც გაწვრთნა სასიამონოვნოა, მაგრამ სიამოვნები ერთია და შემდეგ არის გამარჯვება, რომელიც ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 31 ივლისს ამხანაგურ მატჩს „მონცასთან“ გამართავს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 22 აგვისტოს, სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

0.115455