ძიუდო

17:37 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გუჯეჯიანი: "იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ტატო ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებლად გახდება"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მეოთხე საშეჯიბრო დღის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ტატო გრიგალაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა და ოლიმპიადა უმედლოდ, მეხუთე ადგილზე დაასრულა.

როგორც გუჯეჯიანმა აღნიშნა, იმედგაცრუებულია და ტატოს გამოცდილება დააკლდა, მაგრამ ის მომავალში ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებლად გახდება.

„სამწუხაროდ, ვერ შევძელით მედლის მოპოვება და ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, ლიდერი იყო, მასზე იგეგმებოდა ოქროს მედალი, მაგრამ ეს ოლიმპიადაა და გამოცდილება დაგვაკლდა. არ ვიცოდით, როგორ უნდა მოგვეგო ოლიმპიადა. ფსიქოლოგიური წნეხიც იყო, მაგრამ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი არ მახსენდება. ისწავლის, მან დიდი გამოცდილება მიიღო და დარწმუნებული ვარ, ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებლად გახდება, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. იმედგაცრუებული ვარ, სამწუხაროდ ფსიქოლოგიური წნეხიდან ვერ გამოვედით.

ხვალ, ზეგ, მაზეგ კიდევ სამი ძიუდოისტი გამოვა, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი, მათ წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გამოვასწორებთ და უმაღლესი სინჯის მედლებისთვის ვიბრძოლებთ“, - თქვა გუჯეჯიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ძიუდოისტების ვაჟა მარგველაშვილისა და ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებული ორი ვერცხლის მედალია. 28 ივლისს, 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური იასპარეზებს.

0.121953