სხვა

2:19 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიტმუსმა ლედეცკის ოქრო არ დაუთმო

ამერიკელ კეიტი ლედეცკის ტოკიოში შეუსრულებელი მისია ჰქონდა - თავისუფალ სტილში, 200, 400, 800 და 1500 მეტრზე ოქროსთვის ბრძოლას გეგმავდა. მაგრამ მისია პირველივე ცდაზე ჩაეშალა - 400 მეტრზე მას ავსტრალიელმა არიარნე ტიტმუსმა აჯობა. მათ კიდევ ორ დისტანციაზე ელით დაპირისპირება.

ავსტრალიელის და ამერიკელის პირველმა დუელმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. შუა გზაზე, ლედეცკი 0.66 წამს უგებდა. ასი მეტრის შემდეგ, ტიტმუსმა ჩამორჩენა 0.16 წამამდე შეამცირა. 350 მეტრის შემდეგ კი თავად დაწინაურდა და მეტოქე კედლამდე წინ აღარ გაუშვია.

„დაჯერება მიჭირს. მის გარეშე, მე აქ არ ვიქნებოდი. მან წარმოუდგენელი სტანდარტი ჩამოაყალიბა. ვეცადე, რაც შეიძლება შემართული ვყოფილიყავი, და არ მჯერა, მაგრამ ბოლოს გასწრებაც შევძელი“, - განაცხადა ტიტმუსმა.

ისინი ერთმანეთს 200 და 800 მეტრზეც დაუპირისპირდებიან. ლედეცკის მომდვნ ორ დღეში მეტად რთული ამოცანა აქვს - სამშაბათ დილით 200 მეტრზე, მომდევნო საღამოს კი 1500 მეტრზე ფინალებში ასპარეზობა უწევს.

უფრო მოკლე დისტანცაზე, ჰიტებში მას საუკეთესო დრო ჰქონდა, ტიტმუსი კი, ვისაც ამ დისტანციაზე, წინა თვეში ყველა დროის მეორე საუკეთესო დრო აქვს დაფიქსირებული, მეოთხე შედეგს დასჯერდა. მოგვიანებით, როდესაც ტიტმუსი უკვე ოლიმპიური სოფლისკენ მიეშურებოდა, ლედეცკიმ 1500 მეტრზე ოლიმპიური რეკორდი (15:35.35) გააუმჯობესა, თუმცა ვერც კი მიუახლოვდა მსოფლიო რეკორს (15:20.48), რომელიც თავადვე ეკუთვნის.

მამაკაცთა შორის 100 მეტრზე ბრასში, ბრიტანელმა ადამ პიტიმ, ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი. ქალთა შორის 100 მეტრზე ბატერფლაიში კი, ჩემპიონი კანადელი მეგი მაკნილი გახდა, ვინც დაძაბულ პაექრობაში გაიმარჯვა.

პიტი საკუთარ მსოფლიო რეკორდს (56.88 წამი) ვერ შესწვდა, მაგრამ ადვილად აჯობა ჰოლანდიელ არნო კამინგას, ვინც ამითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა: „სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოქრო მოვიგე“.

მაკნილს მედგარი კონკურენცია გაუწია ჩინელმა ჟან იუფეიმ, ვინც შუა გზაზე ლიდერი იყო. ამ დროს, მაკნილი მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იყო, მაგრამ მობრუნებისას მანძილი მოიგო და ტემპსაც საგრძნობლად უმატა, რამაც გამარჯვება მოაპოვებინა. საბოლოოდ, მან ჟანს 0.05 წამით აჯობა. მესამე ადგილი ავსტრალიელმა ემა მაკკიონმა დაიკავა, ვინც ჩემპიონს 0.13 წამით ჩამორჩა.

„საოცარია. კედელზე შეხებისთანავე ჩემი გვარი გავიგე და მივხვდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა. სიტყვები არ მყოფნის“, - განაცხადა მაკნილმა, ვინც 2019 წელს ამავე დისტანციაზე მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, კვირას კი 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში, კანადის გუნდთან ერთად, ვერცხლს დაეუფლა.

მხოლოდ მეშვიდე დრო ჰქონდა რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულსა და მსოფლიო რეკორდსმენს, შვედ სარა სიოსტრომს, ვისთვისაც ეს მეოთხე ოლიმპიადაა. თებერვალში ის დაეცა და იდაყვის ტრავმა მიიღო, რაზეც ოპერაციის გაკეთებამ მოუწია. ამის გამო კი ბევრი დრო გაუცდა.

0.145907