საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გორში სლოვაკეთს თუ დაამარცხებს, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის დიდი შანსი გაუჩნდება. სხვა საქმეა ის, რომ მცირე შანსია ფლეი-ოფში გასვლისა, რადგან 10 ჯგუფიდან მხოლოდ 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის და სხვა ჯგუფებში ისეთი სიტუაციაა, რომ პირველ-მეორე ადგილოსნები ქულებს იშვიათად კარგავენ. საქართველოს 3 მატჩი დარჩა და სამივეს თუ მოიგებს (მათ შორის, ჰოლანდიაში), მაშინ არაა გამორიცხული, რომ ფლეი-ოფში მოხვდეს – ჯერ ადრეა, სხვა ჯგუფებშიც ხომ დარჩენილია მატჩები.
როგორც იცით, საქართველო-სლოვაკეთი 18 ნოემბერს, "თენგიზ ბურჯანაძეზე" 14:00 საათზე დაიწყება და ბულგარელი პოპოვი იმსაჯებს. 14 ნოემბერს ქართველებმაც და სლოვაკებმაც ფრედ ითამაშეს. ჩივაძის გუნდი გაცილებით ახლოს იყო მოგებასთან, 85-ე წუთამდე იგებდა შოტლანდიაში და მასპინძელთა ფორვარდმა პატერსონმა მაკრატელათი გაათანაბრა – 1:1.
რაც შეეხება სლოვაკეთს, მათ შინ ჰოლანდიასთან 2:2-ს მიაღწიეს. სლოვაკებმა ტაიმი ადამ ზრელაკის გოლით მოიგეს, შემდეგ აგებდნენ და 76-ე წუთზე მალეკმა გაათანაბრა, რომელიც სულ 7 წუთის შესული იყო მინდორზე. ისე, სწორედ ზრელაკმა გაუტანა საქართველოს ერთადერთი გოლი, როცა ჩივაძის გუნდმა დასანანი მარცხი იწვნია. დასანანი, რადგან მომენტების მხრივ, ქართველებს ნამდვილად არაფერი ჰქონდათ წასაგები.
სლოვაკეთი უდავოდ კარგი ნაკრები ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელებმა აჯობეს და დიდი უპირატესობაც ჰქონდათ, მაინც მიაღწიეს ფრეს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში სლოვაკებმა 27-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი – დაგვეთანხმებით, ძალიან ბევრია.
სამწუხაროდ, ქართველთა ბოლო მატჩი ვერ ვნახეთ და გოლზე ის ვიცით, რომ გიორგი ჭანტურიამ ჯანო ანანიძის პასი მიიღო, ორი კაცი მოატყუა და მეკარეს ზუსტად დაურტყა. ჭანტურია ერთადერთი ქართველია, რომელსაც შესარჩევში 2 გოლი აქვს გატანილი: თითო-თითო აქვთ ვაკო ყაზაიშვილს, ჯაბა ჯიღაურს, დავით სხირტლაძესა და მამუკა კობახიძეს.
1. ჰოლანდია 4 3 1 0 13:2 10
2. სლოვაკეთი 5 3 1 1 14:5 10
3. საქართველო 5 2 1 2 6:9 7
4. შოტლანდია 5 2 1 2 7:8 7
5. ლუქსემბურგი 5 0 0 5 1:17 0