ჩოგბურთი

10:38 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის მერვედფინალშია! ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალურ ეტაპზე იტალიელი ლორენცო სონეგო, რომელიც ტურნირზე მე-13 ნომრად იყო განთესილი სამ სეტში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა და ქართველმა დამსახურებულად მოიგო. ბასილაშვილმა შეხვედრა ბრეიკით დაიწყო და დაწინაურდა, რასაც მალევე იტალიელის უკუბრეიკი მოჰყვა, მაგრამ 3:3-ზე ნიკოლოზმა მეტოქის ჩაწოდება კიდევ ერთხელ მოიგო და საბოლოოდ, ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა - 6:4.

მეორე სეტი 29 წლის ქართველმა ჩააგდო და სონეგო უკეთ თამაშობდა. შედეგად, იტალიელმა 6:3 მოიგო და სეტებში ანგარიში გათანაბრდა. ყველაფერი მესამე სეტში გადაწყდა, რომელიც ნიკასთვის კარგად არ დაწყებულა, რადგან სონეგო ბრეიკით მესამე გეიმში 2:1 დაწინაურდა და მერე თავისი ჩაწოდებაც მოიგო - 3:1. საკმაოდ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა ჩვენებურმა მოახერხა. მან ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა, მიჯრით 4 გეიმი მოიგო და 5:3 დაწინაურდა, თანაც თავად აწვდიდა. თუმცა, სწორედ ამ დროს ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს თამაშში დარჩენის შანსი მისცა. სონეგომ უკუბრეიკი გაახერხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ 5:4-ზე ნიკოლოზმა ისევ იყოჩაღა, იტალიელის ჩაწოდება ზედიზედ მესამედ მოიგო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:4, 3:6, 6:4.

ბასილაშვილმა 2 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო სონეგოს 9 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. ამრიგად, ბასილაშვილმა ტოკიოში უკვე მეორე წრე გადალახა, სონეგომდე მან რობერტო კარბალეს ბაენა ორ სეტში დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი ტოკიოს ოლიმპიადის მერვედფინალში 28 ივლისს გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელიც მე-4 ნომრადაა განთესილი. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს აქამდე 4-ჯერ შეხვდნენ და სამჯერ გერმანელმა მოიგო. ბასილაშვილმა ზვერევს 2019 წლის 27 ივლისს ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლორენცო სონეგო 2:1 (6:4, 3:6, 6:4)

0.117077