ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია. ქართველმა ძიუდოისტმა 73 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო.
მეოთხედფინალში ლაშამ კანადელ არტურ მარგელიდონს აჯობა ძალზე დაძაბულ შეხვედრაში, რომლის ბედი დამატებითი დროის მესამე წუთზე გადაწყდა, როცა ქართველმა მეტოქის იპონით დამარცხება მოახერხა. ნახევარფინალში შავდათუაშვილი სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანს დაუპირისპირდება.
ტოკიოს ოლიმპიადაზე 29 წლის ქართველმა სპორტსმენი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და 1/16 ფინალიდან დაიწყო ასპარეზობა. თავიდან ვაზარით ფრანგი გოილემ ჩაინე დაამარცხა, რასაც ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს აგრეთვე ვაზარით მოუგო.
შეგახსენებთ, დღესვე ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობს, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ძიუდოს ტურნირის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მას სწორედ ლიპარტელიანი გახსნის, რომელიც პოლონელ იულია კოვალჩიკს დაუპირისპირდება.