სხვა

3:17 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი სენსაცია ქალთა საგზაო ველორბოლაში

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ავსტრიელმა ანა კესენჰოფერმა ინსტაგრამზე დაწერა: „მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯერა - თქვენ ჩემი მოტივაცია იყავით, როცა საქმე რთულად მქონდა. მადლობა მათ, ვისაც ჩემში ეჭვი ეპარებოდა - იმის დამტკიცება, რომ თქვენ ცდებით, ჩემთვის მოტივაციის წყაროა“. დღეს ანამ ქალთა შორის საგზაო ველორბოლაში, ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

ანა 30 წლის მათემატიკოსი და მოყვარული ველომრბოლია. მოყვარული 2017 წელს გახდა, როცა კონტრაქტის გარეშე დარჩა. მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია. ივარჯიშა, ოლიმპიური საგზური მოიპოვა და საგზაო ველოსპორტის ისტორიაში, ერთ-ერთი უდიდესი სიურპრიზი შემოგვთავაზა - ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

იმის გამო, რომ ფავორიტი არ იყო, ანას და კიდევ ოთხ ველომრბოლს, პელოტონმა და რბოლის ფავორიტმა ჰოლანდიელებმა, დაწინაურების საშუალება მისცეს. მალე მათი უპირატესობა 10 წუთამდე გაიზარდა. მდევრებმა ვერ შეძლეს დაწევა, კესენჰოფერმა კი, ვინც დროზე ინდივიდუალურ რბოლაში ავსტრიის ჩემპიონია, ფუძის სარბოლო ტრეკის მისადგომებთან, ფეხს აუჩქარა და თავისი „თანაჯგუფელებიც“ ჩამოიტოვა.

ამ დროს ისიც გადაღლილი იყო, მაგრამ ფეხებმა არ უმტყუნა და ჰოლანდიურ არმადას დაწევის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ, მან ფინიშთან წუთით და 15 წამით მიასწრო ჰოლანდიელ ანემიკ ვან ფლოიტენს. ამას ეგონა, რომ თავად მოიგო და გამარჯვების აღსანიშნად ხელები შემართა, მაგრამ მალე გაიგო რაც მოხდა. მესამე ადგილი კი იტალიელმა ელისა ლონგო ბორგინიმ დააკავა, ვისთვისაც ეს ზედზედ მეორე ბრინჯაოს მედალია.

„ფეხები აბსოლუტურად დაცლილი მქონდა ძალისგან. ადრე ასე ჩემი თავი არასდროს დამიქანცავს“, - განაცხადა ჩემპიონმა და კითხვაზე, ხომ არ იყოს ეს ფავორიტებისგან შეუფასებლობის შედეგი, უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს ჩემი დიდი უპირატესობა იყო. მე ფავორიტი არ ვიყავი. ვგულისხმობ იმას, რომ ყველასთვის უცნობი ვიყავი“.

კესენჰოფერი ათენის 1896 წლის ოლიმპიადის შემდეგ, პირველი ავსტრიელი ველომრბოლია, ვინც ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო. პირველ ოლიმპიადაზე, ოქროს მედალს ადოლფ შმალი დაეუფლა.

ჰოლანდიელებს წინა ორი ოლიმპიადა მოგებული აქვთ და ამჯერადაც ფავორიტები იყვნენ. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, ოქროს მარიანე ფოსი დაეუფლა, რიოში კი ჩემპიონი ანა ვან დერ ბრეგენი გახდა. 38 წლის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ვან ფლოიტენი რიოში დაეცა და გამარჯვების შანსი ხელიდან გაუშვა.

0.144894