ტუნსელმა მოცურავემ აჰმედ ჰაფნაუიმ, 400 მეტრზე თავისუფალ სტილში, სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ფინალში მან სტარტი განაპირა, მერვე ზოლში აიღო, როგორც აუტსაიდერმა, თუმცა საუკეთესო დრო 3 წუთი და 43.36 წამი დააფიქსირა. ჰაფნაუიმ უკან მოიტოვა ფავორიტები, ავსტრალიელი ჯეკ მაკლაფლინი და სირან სმიტი, რომლებიც შესაბამისად, ვერცხლს და ბრინჯაოს დასჯერდნენ.
„ვერ ვიჯერებ, ეს ჩემი ოცნება იყო და ის ასრულდა. ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა იყო“, - განაცხადა 18 წლის ტუნისელმა. ეს ტუნისელი სპორტსმენების მიერ ოლიმპიადებზე მოპოვებული მეხუთე ოქროს მედალია, რომელთაგან სამი მოცურავეებზე მოდის.
ჰაფნაუი ტუნისელი ყოფილი კალათბურთელის, მოჰამედ ჰაფნაუის შვილია. 2018 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, 400 და 800 მეტრზე თავისუფალ სტილში, მან შესაბამისად, მერვე და მეშვიდე ადგილები დაიკავა. 2019 წელს გამოცემა „ლა პრესთან“ საუბრისას, ჰაფნაუიმ განაცხადა, რომ პირველ ოლიმპიურ ოქროს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გეგმავს.
ოლიმპიურ ჩემპიონს, თავის კიდევ ერთხელ გამოჩენის შანსი 800 მეტრზე თავისუფალ სტილში ექნება.
ტოკიოს აკვატიკ სენტერში კიდევ ერთი სენსაცია, ქალთა შორის 400 მეტრზე ინდივიდუალურ შერეულ სტილში დაფიქსირდა, სადაც იაპონელმა იუი ოჰაშიმ ორი ამერიკელი ფავორიტი ჩამოიტოვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
„რეალობის შეგრძნება დავკარგე. თავი სიზმარში მგონია. რიოში გამგზავრება ვერ შევძელი და ბოლო ხუთი წელი სწორედ ამ ოცნების ასასრულებლად ვვარჯიშობდი. ეს საოცარია“, - განაცხადა 25 წლის იაპონელმა.