სხვა

1:14 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელმა კალიშმა რიოს ვერცხლი ტოკიოს ოქროზე გაცვალა

ოლიმპიადაზე მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა. მითუმეტეს, თუ კვარცხლბეკზე ასვლას შეძლებ. და წარმატებული ხარ მაშინც, თუ ქვედა საფეხურებზე დადგები. მაგრამ ყველა მცირედს არ სჯერდება. მათ შორის, 400 მეტრზე ინდივიდუალური შერეული სტილით ამერიკელი მოცურავე ჩეიზ კალიში.

მან რიოს თამაშებზე ამ დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტოკიოში კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 27 წლის კალიშმა ტოკიოს აკვატიკ სენტერში, დისტანცია 4 წუთსა და 09.42 წამში გაცურა და უკან ჩამოიტოვა თანამემამულე ჯეი ლაითერლანდი.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რიოში ამერიკის გუნდი დავაღალატე. ამერიკას 400 მეტრზე ინდივიდუალურ შერეულ სტილში თავისი მემკვიდრეობა აქვს და მე დღეს რევანში ავიღე“, - განაცხადა კალიშმა, ვინც რიოს ტამაშებზე, იაპონელ კოსუკე ჰაგინოსთან დამარცხდა.

ამერიკამ ამ დისტანციაზე ოქროს მედლები რიომდე წინა ხუთ ოლიმპიადაზე მოიპოვა. ამ ხუთიდან ორი მაიკლ ფელპსის ანგარიშზეა, ამდენივე ტომ დოლანმა მოიპოვა, ლონდონში კი რაიან ლოხტემ გაიმარჯვა.

კალიში იაპონელ ფავორიტ დაია სეტოსთან პაექრობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ამან ფინალში გასვლა ვერ შეძლო. ფინალში ბატერფლაის შემდეგ, ფრანგი ლეონ მარშანი დაწინაურდა, მაგრამ კალიშმა ლიდერობა გულაღმა ცურვის ეტაპზე ჩამოართვა. ბრასში ამერიკელს მეტოქეობა ახალზელანდიელმა ლუის ქლერბარტმა გაუწია, მაგრამ თავისუფალში მას ბადალი არ აღმოაჩნდა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ყველაფერს ნიშნავს. ეს ბოლო რამ არის, რისი მიღწევაც, ჩემს მოცურავის კარიერაში მსურდა. ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. და ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდა“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვისი შედეგიც ფელპსის მსოფლიო რეკორდზე თითქმის ექვსი წამით უარესია.

0.149043