ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადა მარცხით დაიწყო. პირველ ტურში ამერიკელები საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და ვერაფერი გაახერხეს.
გრეგ პოპოვიჩის გუნდს ნამდვილად არ უდგას საუკეთესო დროება და ეს ამ თამაშმაც გამოავლინა. აშშ-მ პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგო, მაგრამ ამ უპირატესობისგან მეორე ნახევარში აღარაფერი დარჩენილა. საფრანგეთმა მესამე პერიოდში უნაკლო და შეუდარებელი კალათბურთი ითამაშა და 14 ქულით მეტი ჩააგდო! ცხადია, ამის ხარჯზე ფრანგებმა მეტოქე გატეხეს და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს.
სხვათა შორის, მეოთხე პერიოდის სტარტზე ამერიკა თამაშში დაბრუნდა, დაწიანურდა კიდეც, მაგრამ ბოლოს საფრანგეთი ისევ იყო პარტეკზე ბატონ-პატრონი და 83:76 მოიგო.
დიდებული თამაში ჩაატარა ევან ფურნიემ, რომელამც 28 ქულას 4 მოხსნა და 1 პასი დაამატა, რუდი გობერმა 14 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, ხოლო ნანდო დე კოლოს აქტივში 13 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი იყო. აშშ-ს ნაკრებში ჯრუ ჰოლიდეიმ 18 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი მიითვალა, მაგრამ მხარი სხვებმა ვერ აუბეს. მაგალითად, კევინ დურანტმა მხოლოდ 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, ბემ ადებაიომ კი ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 10 მოხსნა), მაგრამ ეს თავის გუნდს ვერაფერში წაადგა.
ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებისთვის ტოკიოს ოლიმპიადა არცთუ ისე კარგად დაიწყო. სხვათა შორის, აშშ-ს ბოლოს ოლიმპიურ თამაშებზე მატჩი 2004 წელს, ათენში ჰქონდა წაგებული, როცა ნახევარფინალში არგენტინამ მოუგო. და, აი, 17 წლის მერე მას საფრანგეთმა აჯობა. მეორე ტურში საფრანგეთი ჩეხეთს და აშშ ირანს შეხვდება.
ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ტურის მატჩები B ჯგუფშიც გაიმართა, სადაც ავსტრალიამ ნიგერიას 84:67 სძლია, ხოლო იტალიის ნაკრებმა გერმანია 92:82 დაამარცხა და კარგი სტარტი აიღო. ჯერჯერობით პირველი ტური არ გამართულა C ჯგუფში. მეოთხედფინალში სამი ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა. შემდეგ კი დარჩენილი რვა გუნდი მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
საფრანგეთი - აშშ 83:76 (15:22, 22:23, 25:11, 21:20)