ძიუდო

14:30 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მედალი: ვაჟა მარგველშვილის ვერცხლი ოლიმპიადაზე

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი აქვს. ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში 27 წლის ჩვენებური იაპონელ ჰიფუმი აბეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

მარგველაშვილმა შეხვედრა აქტიურობით დაიწყო და წაგება შეიძლება ითქვას, არც დაუმსახურებია, მაგრამ თავისივე დაწყებული შეტევისას ვაზარი გაუშვა და შეხვედრის, მთლიანად ოქროს მედლის ბედი ამ გდებამ გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ვაჟა მარგველაშვილი მხოლოდ ქებას იმსახურებს, რადგან ფინალში გავიდა, თანაც შესანიშნავი გამოსვლებით და ქულა მხოლოდ ფინალში გაუშვა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მერვედფინალში რუსი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი დამატებით დროში ვაზარით სძლია სამხრეთკორეელ ან ბაულს.

დღესვე, ქალთა შორის ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) ასპარეზობდა, რომელმაც ერთი წრე გადალახა, მაგრამ მეორე წრეში ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა და ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა.

0.154945