ტოკიოს ოლიმპიადის პირველივე დღეს გამართულ, მამაკაცთა საგზაო ველორბოლაში, ოქროს მედალს ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი დაეუფლა. ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ვერცხლის მედალი კი ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა მოიპოვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პოგაჩარმა ერთ-ერთმა პირველმა შეუტია. 234-კილომეტრიანი დისტანციის ფინიშამდე 35 კილომეტრით ადრე, მიკუნის უღელტეხილის გავლისას, სლოვენიელმა თავის სტილში სცადა დაწინაურება. ტურზე ეს მას ორჯერ გამოუვიდა. მაგრამ ამჯერად ვერ გათვალა, რადგან კარაპასმა, ვინც სეზონისთვის ანდებში მდებარე მოქმედ ვულკან კოტოპაქსის ფერდობზე ემზადებოდა, „პატარა კანიბალად“ მეტსახელდბული მეტოქე სწორედ (5-კილომეტრია) აღმართზე დაიჭირა.
კარაპასთან ერთად, პოგაჩარის დევნაში ვან აერტიც მონაწილეობდა. სპეცალისტების აღიარებით, ტოკიოს მარშრუტი, ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესია. და კარაპასს სწორედ აქ გამოადგა ანდებში გავლილი კილომეტრები. მან ამერიკელ ბრენდონ მაკნალტისთან ერთად, ფინიშამდე 20 კილომეტრით ადრე შეუტია, როცა კაგოსაკას აღმართი იყო გასავლელი. ამას მოჰყვა გრძელი დაღმართი და ფუძის სარბოლო ტრეკი, სადაც გამარჯვებულს ფინიშის ხაზი ელოდა.
ერთ მომენტში, დაწინაურებულთა უპირატესობა ორ წუთს მიაღწია, მაგრამ მდევრებმა სწრაფადვე დაიწყეს ჩამორჩენის ლიკვიდაცია და ერთ მომენტში, ლიდრებს 14 წამის სავალზეც კი მიუახლოვდნენ. კარაპასი მიხვდა, რომ შეტევის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და სარბოლო ტრეკზე შესვლამდე რამდენიმე ასეული მეტრით ადრე, კვლავ შეუტია.
მაკნალტი ჩამორჩა და ის მდევრებმა მალევე „ჩაყლაპეს“, კარაპასმა კი უპირატესობა ნახევარ წუთამდე გაზარდა და როცა ფუძის ტრეკზე შევიდა უკვე შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ოქროს არავის დაუთმობდა.
ტოკიოს ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ტარდება, მაგრამ ველორბოლა ის გამონაკლისია, რომლის დროსაც, მაყურებელს დასწრებაში ხელი ვერავინ შეუშალა. ლა ლოკომოტორამ (კარაპასის მეტსახელია) ვან აერტს ფინიშთან წუთით და შვიდი წამით მიასწრო და ეკვადორს ოლიმპიადების ისტორიაში მეორე ოქროს მედალი მოუპოვა. ეკვადრის სახელით პირველი ოქრო, ატლანტას 1996 წლის ოლიმპიადაზე, 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში, ჯეფერსონ პერესმა მოიპოვა.
ვან აერტსა და პოგაჩარს შორის, საფინიშო ბრძოლა გაიმართა და ბელგიელს უპირატესობა ფოტო ფინიშმა მიანიჭა.
„ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. რწმენა ყოველთვის უნდა გქონდეს. ამ გამარჯვებისთვის ბევრი ვიშრომე. მინდა მათ (ეკვადორელ ხალხს) მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. სწორედ ამ მხარდაჭერამ მომცა გამარჯვების ძალა“, - განაცხადა 28 წლის კარაპასმა, ვისაც 2019 წელს ჯირო დ’იტალია აქვს მოგებული. ის პირველი სამხრეთამერიკელი ველომრბოლია, ვინც საგზაო ველორბოლაში ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.