სხვა

3:25 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რეკორდსმენის მთავარი მიზანი ოლიმპიური ოქროა

არმანდ „მონდო“ დუპლანტისი 21 წლისაა და უკვე სახელოვანი სპორტსმენია - ჭოკით ხტომაში მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის. მაგრამ მის მონაგარში ჯერ მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედლები არ შედის. და ამ ორიდან ერთის მოსაპოვებლად, ტოკიოში იასპარეზებს, სადაც გამორჩეული ფავორიტი იქნება.

დუპლანტისი მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანია. მან შარშან მსოფლიო რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა. ერთხელ თებერვალში, პოლონეთის ტორუნში, სადაც 6.17 მეტრზე გადახტა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, უკვე გლაზგოში ასპარეზობისას, თავისი რეკორდი ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა. ორივე შემთხვევაში, ის დახურულ არენზე ასპარეზობდა. თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც ამ დისციპლინაში რეკორდი ორივე ტიპის არენებისთვის საერთოა.

მასვე ღია არენებისთვის ყველა დროის საუკეთესო შედეგი - 6.15 მეტრი ეკუთვნის, რომელიც შარშან სექტემბერში, რომის ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე დააფიქსირა.

„ტოკიოში ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა. რ თქმა უნდა, ოცნებაში ისიც მაქვს, რომ ოლიმპიადაზე რაღაც ლეგენდარული გავაკეთო. მაგრამ ეს ჩემი პირველი თამაშებია და უბრალოდ, მოგება მინდა. ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობ“, - განაცხადა შვედმა მძლეოსანმა, ვინც ამერიკაშია დაბადებული და იქვე ვარჯიშობს.

მას ძლიერი მეტოქე ეყოლება ამერიკელი სემ კენდრიკსი, ვინც დოჰაში (2019 წელს) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა, თუმცა რიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა.

ოლიმპიადისთვის დუპლანტისი საუკეთესო ფორმაშია. ტოკიოში გამგზავრებამდე, სტოკჰოლმის ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე, მოკრძალებული შედეგით (6.02 მეტრი) გაიმარჯვა, მერე კი მსოფლიო რეკორდს შეეჭიდა, მაგრამ 6.19-ზე გადახტომა არ გამოუვიდა. თუმცა, ადგილობრივი მაყურებელი კი კარგად გაახალისა.

მაგრამ ტოკიოში მაყურებლისგან გამხნევებას არ უნდა ელოდოს, რადგან ტრიბუნა ცარიელი იქნება - ეს კორონავირუსის პანდემიის კვალია. რეკორდსმენი ამბობს, რომ მაყურებლის გარეშე, ანდრენალინი და მოტივაცია ნაკლებია, რაც შესაძლოა შედეგებზეც აისახოს.

„გამოსვლისას იცი, რომ უამრავი ადამიანი ტელეეკრანით გიყურებს და გქომაგობს. ეს იცი, მაგრამ ვერ გრძნობ“, - ამბობს დუპლანტისი და დასძენს, რომ ამ დანაკლისის კომპენსირება იმ ფაქტს შეუძლია, რომ ეს ოლიმპიადაა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი, რომელზეც კი ოდესმე გამოსულა. და ეს მისთვის მოტივაციის წყარო იქნება.

რეკორდსმენის მამა, გრეგ დუპლანტისი ამერიკელია, ლუიზიანიდან. ისიც თავის დროზე ჭოკით მხტომელი ყოფილა. მაგრამ არმანდმა 2015 წელს თავისი შვედი დედის, ჰელენას ქვეყნის სახელით ასპარეზობა გადაწყვიტა. ბავშვობაში ფეხბურთსა და ბეისბოლში ვარჯიშობდა, მაგრამ ჭოკზე იმის გამო გადაერთო, რომ აქ საუკეთესო შანსი დაინახა იმისა, რომ საუკეთესოთა შორის ყოფილიყო.

მან უკვე დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. უბრალოდ, ტოკიოში ამის კიდევ ერთი „საბუთის“ აღება სჭირდება.

0.193098