საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ტოკიოში, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე მორიგი ვარჯიში გამართა. მათ არასრული შემადგენლობით ძიუდოს კუდოკანის დარბაზში ივარჯიშეს, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მონაწილე ძიუდოისტები საწვრთნელ პროცესში იყენებენ.
ჩვენი გუნდის ვარჯიშის მიმდინარეობისას კუდოკანის დარბაზს არაერთი ნაკრები ესტუმრა, მათ შორის ესპანეთის ძიუდოს ნაკრები და მათი ლიდერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ), რომელიც ჩვენი ნაკრების ძიუდოისტებს მიესალმა და ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის და მწვრთნელთა შტაბის გადაწვეტილებით სავარჯიშო პროცესი ჩაატარეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ). ნაკრების სხვა წევრებმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს. ძიუდოისტები ოლიმპიური თამაშებისთვის მწვრთნელთა შტაბის მიერ შედგენილი სპეციალური გეგმით ემზადებიან.
ტოკიოში დღეს ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და 24 ივლისიდან შეჯიბრებებში ძიუდოისტებიც ჩაერთვებიან. ოლიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) იჭიდავებს, რომელიც ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე იქნება ბრიტანელ ეშლი მაკკენზისა და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შორის გამარჯვებული. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა და გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურთან გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგები შეაფასეს და ოლიმპიადის შესახებ ისაუბრეს.
ლაშა გუჯეჯიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. უკეთესს ალბათ ვერც ვისურვებდი. გუნდი გადის აკლიმატიზაციის პროცესს, ბიჭები ჯამრთელად არიან და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.
დღეს მაგალითად გუნდის ნაწილი დავასვენეთ. მთავარია ძიუდოისტებმა ოლიმპიადასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური წნეხი დასძლიოს. ოლიმპიადაზეც იგივე ხალხი ასპარეზობს ვისაც სხვა შეჯიბრებებიდან კარგად იცნობენ, არაფერი თვისობრივად აქ არ იცვლება, უბრალოდ შეჯიბრს აქვს მაღალი სტატუსი. ამ კონკურენციაში თითოეულ მათგანს უასპარეზია წარმატებით და გამხდარა არაერთი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული. იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადაზეც ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“.