სხვა

3:10 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი ტოკიოში ოქროსთვის ჩავიდა

გერეინ თომასმა ბევრ რამეს მიაღწია - არის ტურ დე ფრანსის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი და სატრეკო რბოლებში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. და ახლა კიდევ ერთი ტიტულის დამატება სურს - საგზაო რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონისა. მომავალ კვირაში, ამის ორი შანსი მიეცემა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე, შაბათს საგზაო რბოლაში იასპარეზებს, ოთხშაბათს კი დროზე ინდივიდუალურ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. 35 წლის თომასმა რიოს თამაშებზე სცადა გამარჯვება, მაგრამ ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე, დაღმართზე მოძრაობისას დაეცა და საბოლოოდ, მე-11 ადგილს დასჯერდა.

თომასი წლევანდელ ტურ დე ფრანსზეც დაეცა და მხარი დაიზიანა, მაგრამ რბოლა გააგრძელა და 42-ე ადგილზე დაასრულა. რიოში მან დროზე რბოლაშიც იასპარეზა, მაგრამ ტრავმირებულს, არაფერი გამოუვიდა. ტოკიოში იმედი აქვს, რომ იღბალი დაუბრუნდება და მთა ფუძის მისადგომებთან, ოცნების ასრულებას შეძლებს.

„რიოში არ გამიმართლა და დაღმართის ბოლო მოსახვევში დავეცი. იმედი მაქვს, მესამე ცდაზე გამიმრთლებს. ფსიქოლოგი სტივ პიტერსი მეუბნება ხოლმე, რომ ცხოვრება სამართლიანი არაა და ყოველთვის იმას ვერ მიიღებ, რასაც იმსახურებ. ასე ხდება ხოლმე და ეს გაწბილებას იწვევს“, - ამბობს თომასი.

შაბათის რბოლის დისტანცია 234 კილომეტრია, რომელთაგან 4 800 აღმართზეა გასავლელი. რა თქმა უნდა, ტურ დე ფრანსის 2018 წლის ჩემპიონს ეს ვერ შეაშინებს. მას გვერდით ტიტულოვანი თანაგუნდელები ეყოლება. მათ შორის არიან: ჯირო დ’იტალიას შარშანდელი ჩემპიონი ტაო გეოგეგენ ჰარტი, ვუელტა ესპანიას 2020 წლის ჩემპიონი საიმონ ეიეტსი და მისი ტყუპისცალი ადამი.

„თუ ჩვენ გუნდურად ვიასპარეზებთ, კარგი შანსი გვექნება. მედლის ოთხი კარგი შანსი“, - ამბობს თომასი. მის ყველა თანაგუნდელს ოქროს მედლის მოპოვების უნარი აქვს. როგორც წესი, ერთ რბოლაში, ყოველ ქვეყანას ერთი, ან შესაძლოა ორი ლიდერი-პრეტენდენტი ჰყავს. დანარჩენები მათზე მუშაობენ, ან დამოუკიდებლად ცდილობენ ფონს გასვლას.

თომასმა თავისი ორი ოქროს მედალი პეკინსა და ლონდონში, გამოდევნებით რბოლაში მოიპოვა, რის შემდეგაც საგზაო რბოლებზე გადაერთო.

0.117726