ფეხბურთი

23:02 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "ბატესთან" წააგო, მაგრამ შანსი შეინარჩუნა

„დინამო ბათუმმა“ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვოს „ბატეს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა - 0:1.

ალბათ, უფრო ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ ერთმა შეცდომამ ყველაფერი გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ „ბატე“ მეტოქის საჯარიმოსთან გაცილებით სახიფათო იყო, ვიდრე „დინამო ბათუმი“. ეს მეორე ტაიმზე ითქმის, თორემ პირველ ნახევარში თამაში გია გეგუჩაძის გუნდს მიჰყავდა და სათამაშო რიტმს კარნახობდა. თუმცა, მთავარი არ ჩანდა - სახიფათო მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა და პრაქტიკულად ვერც შექმნა.

კიდევ უფრო გაუარესდა ყველაფერი მეორე ტაიმში. ძნელად გასახსენებელია ეპიზოდი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ „დინამო ბათუმს“ გოლის გატანა შეეძლო, ხოლო „ბატე“ პირიქით, ძალიან მწვავედ იტევდა. განსაკუთრებით სიგნევიჩი აქტიურობდა, რომელიც სამჯერ დაემუქრა აჭარელთა კარს, მაგრამ ერთხელ ააცილა, ორჯერ ლაზარე კუპატაძე იყო შესანიშნავი.

83-ე წუთზე კი გადამწყვეტი გოლი გავიდა. ბელარუსებმა შორი მანძილიდან დაარტყეს, ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლები გადარჩნენ, მაგრამ რამდენიმე წამით, რადგან პაველ ნეხაიჩიკმა ცარიელ კარში მოახერხა გატანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

„დინამო ბათუმი“ შინ დამარცხდა და ახლა წინ საპასუხო მატჩია, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება. იქ ზღვისპირელებს მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს, ამდენად, ბორისოვოში ყველაფერი შესაძლებელია.

„დინამო ბათუმი“ – „ბატე“ 0:1 (0:0)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 87); მამუჩაშვილი (ზარია 58), ჯოვინო (სანოგო 80), ჯიღაური (ნავალოვსკი 86); ფანცულაია (გაფრინდაშვილი 59)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ბატე (4-4-2): ჩიჩკანი; ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ვოლოდკო (46. ბორდაჩევი); უმაროვი (ბესმერტნი 90), იაბლონსკი, კარასევი, ნეხაიჩიკი; სიგნევიჩი, მილიჩი (72. იუსოვი)

მწვრთნელი: ვიტალი ჟუკოვსკი

გოლი: 0:1 ნეხაიჩეკი (83)

გაფრთხილება: ზარია (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (1) – 12 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)

0.177017