ავტოსპორტი

2:31 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ სილვერსტოუნზე გამარჯვება შეეძლო

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლის პირველ წრეზე, ლუის ჰამილტონს და მაქს ფერსტაპენს შორის ავარია მოხდა, რბოლას სათავეში შარლ ლეკლერი ჩაუდგა. და მონაკოელმა ლიდერობა თითქმის ბოლომდე შეინარჩუნა. მაგრამ ფინიშამდე ორი წრით ადრე, მას ჰამილტონმა გაასწრო.

რბოლის განახლების შემდეგ, ლეკლერი იოლად ახერხებდა ჰამილტონის შეტევების მოგერიებას და პიტ სტოპის წინ, მისმა უპირატესობამ 2.5 წამსაც მიაღწია. ლეკლერს პერიოდულად, ძალური დანადგარის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მოწინავე პოზიციას მაინც ინარჩუნებდა. პიტ სტოპამდე ორივე მედიუმ საბურავებით ასოპარეზობდა. პიტ სტოპის შემდეგ კი ჰარდებზე გადავიდნენ.

საბურავების შეცვლის შემდეგ, ჰამილტონის ტემპი გაიზარდა და ის ლეკლერს წრეზე საშუალოდ წამს უგებდა. ბოქსებში მან ის 10-წამიანი ჯარიმაც მოიხადა, რომელიც ფერსტაპენთან ავარიის გამო მიუსაჯეს.

„მერსედესმა“ განმარტა, რომ მყარი საბურავებით, ჰამილტონი უფრო აგრესიულად უტევდა, მედიუმებით შეტევის დროს კი საბურავი ადვილად ცვდებოდა, რაც ჩემპიონს წარმატებული შეტევის საშუალებას არ აძლევდა.

რაც შეეხება „ფერარის“, არაოფიციალური ინფორმაციით, გუნდმა ლეკლერს არასაკმარისი საწვავი ჩაუსხა, რის გამოც, პილოტს პერიოდულად ეკონომიურ რეჟიმზე გადართვა უწევდა.

„ფერარი“ ამ ვერსიას უარყოფს. მარანელოელთა ვერსიით, ლეკლერს პერიოდულად გაზიდან ფეხის აღებას იმის გამო ურჩევდნენ, რომ ძრავს პრობლემები ჰქონდა. რბოლის დროს, ძრავმა რამდენჯერმე სიმძლავრე დაკარგა და სწორედ ამ დროს იყო ხოლმე საჭირო რეჟიმის შეცვლა.

0.151744