ფეხბურთი

18:44 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "ეს თამაში იმის შანსია, რომ "ნეფთჩისთან" დაუმსახურებელი მარცხი დავივიწყოთ"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ უეფას კონფერენს ლიგაზე ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდისთვის ეს თამაში არის შანსი, რომ „ნეფთჩისთან“ წარუმატებლობა დაივიწყონ და გულშემატკივარსაც დაავიწყონ.

“სამწუხაროა, როდესაც იმ თამაშს აგებ, რომელშიც მეტოქეზე უკეთ თამაშობ. ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდოდა და გულშემატკივრებს სურდათ. ძალიან უხეში შეცდომები დავუშვით. ასეთ დონეზე კი ეს არ შეიძლება, „ნეფთჩის“ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ბუნებრივია, ეს გამოიყენეს. ასეა „მაკაბისთანაც“, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ხვალაც საკმაოდ რთულ მატჩს ველოდები.

რა თქმა უნდა, ყველასთვის მტკივნეული იყო ეს მარცხი, განსაკუთრებით ფეხბურთელებისთვის. თუმცა, ეს არის შანსი. „მაკაბისთან“ თამაში დიდი მოტივაცია იქნება იმისთვის, რომ ფეხბურთელებმაც დაივიწყონ ის წაგება და გულშემატკივრებსაც დაავიწყონ. თუ წარმატებას მივაღწევთ, შეიძლება საერთოდ არავინ გაიხსენოს ის მატჩები. „ნეფთჩისთან“ არცერთ მატჩში მარცხს არ ვიმსახურებდით, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ყველას შევედავები. თუმცა, ვიმეორებ, ეს თამაშები არის შანსი, რომ ის წაგება ჩვენც დავივიწყოთ და გულშემატკივარსაც დავავიწყოთ.

გუნდში საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმები არ არის. მეკარეს რაც შეეხება, ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კვასხვაძეს დავემშვიდობეთ. მას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა და არანაირად არ იყო მზად ამ მატჩებისთვის. ამ ეტაპზე იმ კონტიგენტით ვითამაშებთ, რომელიც გვყავს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ „ნეფტჩისთან“ მატჩამდეც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იყო როინი და მეკარისთვის ასე თამაში ძალიან ძნელია. მას წარმატებებს ვუსურვებ.

„მაკაბი“ ძალიან სერიოზული მეტოქეა, ჩემპიონი ძალიან დამაჯერებლად გახდა. პოტენციალი აქვს, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. ამიტომ, საინტერესოა ასეთ მეტოქესთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან აგრესიულად ვითამაშოთ და მეტოქეს არ მივცეთ მისი ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა, ინიციატივა არ უნდა დავუთმოთ. თუ ეს გამოგვივა, მაშინ ძალიან კარგი შანსი გვექნება და რა თქმა უნდა, ის ინდივიდუალური შეცდომები, რაც გვქონდა, აღარ უნდა დავუშვათ.

მგონი დღეს ჩემს მომავალზე საუბარი აქტუალური არ არის. ყველაფერი კომპლექსურია. არის მოთხოვნილებები კლუბისგანაც და სამწვრთნელო შტაბისგანაც. გვთხოვეს, რომ „დინამო თბილისს“ დავხმარებოდით და ჩვენც ამისთვის მოვედით. რაც შეეხება მომავალს, ვიმეორებ, ეს კომპელქსური საკითხია, გეგმა უნდა გქონდეს, არ შეიძლება გუნდში იყოს 3-თვიანი, 6-თვიანი ან 1-წლიანი გეგმაც კი. ყოველი წარუმატებელი თამაში ყოველთვის პირველ რიგში მწვრთნელს ურტყამს და ამიტომ, ყველანაირიად ვცდილობთ, ჩვენი შედეგი მაქსიმალური იყოს. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, - თქვა ცხადაძემ.

ქართველ სპეციალისტთან ერთად პრესკონფერენციაზე თავდამსხმელი გიორგი გაბედავაც იმყოფებოდა, რომელმაც ასევე გააკეთა კომენტარი:

„რა თქმა უნდა, ორმაგად საწყენია და უფრო რთულია, როდესაც მეტოქეს ორივე შეხვედრაში აჯობებ და მაინც დამარცხები, ეს ფსიქოლოგიურად რთული მომენტია. თუმცა, ვფიქრობ, სწრაფად უნდა დავივიწყოთ ეს თამაშები და გადმოვერთოთ „მაკაბისთან“ შეხვედრებზე. გვაქვს შანსი, რომ დავამტკიცოთ, რომ მართლა შეგვიძლია კარგად თამაში და ვფიქრობ, ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ის ინდივიდუალური შეცდომები, რამაც შედეგი განაპირობა, აღარ უნდა განმეორდეს, უფრო მეტი ყურადღებით და მეტი მოტივაციით უნდა ვითამაშოთ“, - აღნიშნა გაბედავამ.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ მატჩი 22 ივლისს, „დინამო არენაზე“, 20:30 საათზე დაიწყება.

0.155152