იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი ისტორიაში დარჩება. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონის რანგში ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა.
მანჩინიმ ინტერვიუ გერმანულ გამოცემა Sport1-ს მისცა, რომელშიც მთლიანად იტალიის ნაკრებსა და ევრო 2020-ზე ისაუბრა.
„როგორც ევროპის ჩემპიონი თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს ნამდვილად კარგი გრძნობაა და მართლაც ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით ყველა იტალიელის გამო. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, რადგან, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ. ეს იტალია ისტორიის წიგნებში დარჩება. 1992 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „სამპდორიასთან“ ერთად „უემბლიზე“ წავაგე, მაგრამ ახლა ჭრილობები განიკურნა.
გამარჯვება ვიზეიმეთ, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, არაფერი გვქონდა წინასწარ მომზადებული. თუმცა, რომის ქუჩებში ბევრი ადამიანი გამოვიდა, ეს მშვენიერი იყო. არაჩვეულებრივი მომენტები, რომელიც ისევ გრძელდება. ეს ბიჭებს ეკუთვნით, ახლა ყველანი დამსახურებულად ისვენებენ, როგორც ევროპის როგორც ევროპის ჩემპიონები. მართლაც სასიამოვნო იყო ზეიმი, განსაკუთრებით იტალიელი ხალხისთვის. ვფიქრობ, ხალხი მთელი ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებს ზეიმს და ეს სასიამოვნოა.
2006 წელს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნამდვილად შეგვიძლია შევადაროთ ამ გამარჯვებას, რადგან გარკვეული ტიტულის მოსაპოვებლად ყოველთვის უნდა გააკეთო დიდი საქმეეები და ამ ბიჭებმა ეს გააკეთეს.
ყველაფერი სამი წლის წინ დავიწყეთ და ძალიან კარგ ბიჭებთან ერთად დღემდე ვაგრძელებთ. გუნდში შესანიშნავი სულისკვეთებაა და ეს ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენეს. მათ ყველაფერი გაიღეს და ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით, იტალია სხვა გუნდებთან შედარებით ფავორიტი არ იყო, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფრის გამოსწორების დიდი სურვილი არსებობდა და ბიჭები მზად იყვნენ მთელი ქვეყნისთვის თავი გაეწირათ. მივიღე ახალგაზრდა და ვეტერანი ფეხბურთელების კარგი ნაზავი, რამაც დიდი ერთიანობა შექმნა. ასევე მივეცით შესაძლებლობა იმ ბიჭებს, რომელთაც 3 წლის წინ საზღვარგარეთ არცთუ ისე კარგად იცნობდნენ და მათ ყველას თავი გააცნეს.
ვინჩენცო გრიფო უკმაყოფილოა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ წავიყვანე? ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი. მას მოედანზე განსაკუთრებული როლი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ბოდიში მას და ყველა დანარჩენ ფეხბურთელს, რომელიც განაცხადში ვერ შევიყვანე. ჩვენ 35 ფეხბურთელი გვყავდა და 10 სახლში უნდა დარჩენილიყო. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. ვინჩენცო კარგი ბიჭია და თუ კიდევ გამოვიძახებ, ჩამოვა და თავისი ქვეყნისთვის თამაშით სიამოვნებას მიიღებს, ეჭვი არ მეპარება.
რჩევა გერმანიას? არ ვიცი მე რა უნდა ვურჩიო. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი გუნდია. გერმანელი მწვრთნელები ყოველთვის განსაკუთრებულები არიან და ყოველთვის დიდი ფეხბურთელები ჰყავთ. მარტივ ჯგუფში არ იყო და გულახდილად რომ გითხრათ, ინგლისთან გერმანია წაგებას არ იმსახურებდა, რადგან ძალიან კარგად ითამაშა“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე ფინალში ინგლისის ნაკრები ლონდონში დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. „სკუადრა აძურას“ 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ესპანეთის რეკორდის გამეორებამდე ერთადერთი მატჩი აშორებს, ხოლო თუ უახლოეს ორ თამაშს არ წააგებს, ფეხბურთის ისტორიაში ნაკრებებს შორის ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ექნება.