ბლოგი

13:07 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მწუხრის ჟამს

მწუხრის ჟამს, თუკი თქვენი ბინის კარი კოსტუმში გამოწყობილმა ახალგაზრდა კაცმა დააკაკუნა, არ იფიქროთ, რომ მაინცა და მაინც “ჭეშმარიტებაზე” მოსაუბრე სექტანტი გესტუმრათ, რადგან თავისუფლად შეიძლება რომ, ეს ახალგაზრდა კაცი თქვენი შვილის მწვრთნელი იყოს, რომელიც იმის შესახსენებლად იქნება მოსული, რომ მისთვის გადასახდელი 50 ლარის გადახდა დაგიგვიანდათ და თუკი მომავალშიც ვერ გადაიხდით, მწვრთნელი იძულებული გახდება, რომ თქვენი შვილი გუნდიდან არა გააგდოს, არამედ, დროებით “დაითხოვოს”.

ჩვენ სულაც არ ვცდილობთ, რომ ბავშვებისათვის ფულის მოთხოვნის გამო, გავამტყუნოთ ბავშვთა გუნდების მწვრთნელები. ეს იგივე იქნება, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაციას მოვუწოდოთ ბავშვებისათვის ფულის არგადახდის დაწესება, ანდა აქცია მოვაწყოთ, მუშტაიდის ბაღში ბავშვებისათვის კარუსელებზე უფასო დასხდომის უფლების მოთხოვნით. მწვრთნელის ერთადერთი შემოსავალი ხშირ შემთხვევაში სწორედ ბავშვებისაგან აგროვებული გადასახადებია და ელემენტარულად, მასაც სჭირდება გაწეული შრომის საფასურის ანაზღაურება.

პრობლემა ისაა, რომ წმინდა მერკანტილური მიზნებისდა გამო, ბავშვთა გუნდების მწვრთნელები, ხშირ შემთხვევაში იძულებულნი არიან, რომ გუნდში ტალანტების გარდა, საფეხბურთო კუთხით უნიჭო ბავშვებიც აიყვანონ. ამ გზით ბევრი ცდილობს, გუნდის სალარო შეავსოს. ეს არის თავის ორმაგად მოტყუების პოლიტიკა.

პირველ რიგში უნიჭო ბავშვის მშობელი იტყუებს თავს (უფრო სწორად, მწვრთნელი ატყუებს), რომ მისი შვილისაგან “რაღაცა გამოვა”, და გარდა ამისა, საკუთრივ მწვრთნელიც მოტყუებული რჩება, რადგან იძულებული ხდება, რომ იმუშაოს იმ გუნდთან, რომლის წევრების უმეტესობა ისეთივე მწყრალად არის ფეხბურთთან, როგორც პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დემოკრატიასთან.

გამოსავალი ერთია. მწვრთნელებმა უნიჭო მოზარდები გუნდში არ უნდა აიყვანონ! ეს გამოსავალი სათქმელად ძალიან ადვილია და ნებისმიერი მწვრთნელი იტყვის, რომ ამ გზით გუნდი შემოსავალს დაკარგავს და შესაძლებელია არსებობაც შეწყვიტოს. აი სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვები: მაშ რას ვუწოდებთ ქართული ფეხბურთის განვითარებას? მხოლოდ უცხოელი მწვრთნელის მოყვანასა და მისთვის დიდი ხელფასის დანიშვნას? ფეხბურთის ფედერაცია ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ტალანტების ხელშეწყობის კუთხით აკეთებს რაიმეს?

პირადად ვიცნობ ოჯახებს, რომლებმაც ბავშვი ფეხბურთზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ შეიყვანეს, რომ გადასახადის ფული არა აქვთ. ასეთი მშობლები ხშირ შემთხვევაში გაჩუმებას ამჯობინებენ და არ წუწუნებენ, რადგან კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული, საქართველოში სიღარიბე რატომღაც სირცხვილად ითვლება და ხმამაღლა ცოტა ვინმე თუ ამბობს, რომ ძალიან უჭირს.

როდესაც ამ ყველაფერზე ფიქრობ, უნებურად ამოგიტივტივდება ერთი აზრი: თუკი შედეგი მაინც არ ჩანს და უცხოელი მწვრთნელებისათვის გადასახდელ მილიონებს ფაქტობრივად წყალში ვყრით, ხომ არ ჯობს, რომ ნაკრების მესაჭის ადგილზე დაბალხელფასიანი და ნაკლებად პრეტენზიული ქართველი მწვრთნელები დავნიშნოთ?! (ქართველმა მწვრთნელმა, ამაზე მეტი რაღა უნდა გააფუჭოს ნაკრებში?) უცხოელი მწვრთნელისათვის მისაცემი თანხების საშუალებით კი, შევადგინოთ სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც, ბავშვებისათვის, ბავშვთა გუნდებში თამაში უფასო გახდება და მწვრთნელებისათვის გადასახდელი ხარჯებიც, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაიფარება.

ეს იქნება ერთგვარი საგრანტო სისტემა, რომელიც თავის თავში იგულისხმებს წარმატებული მწვრთნელების წახალისებასაც. გაკეთდება “კოკა კოლას” რეიტინგის ტიპის ქართული ბავშვთა გუნდების რეიტინგიც (გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგის მიხედვით) და მაღალრეიტინგიანი გუნდების მწვრთნელებისათვისაც მეტი ფინანსური მხარდაჭერა იქნება.

ამ გზით, გაკეთდება ერთბაშად 3 კარგი საქმე: 1. ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პრეცედენტის სახით, პირველად მოხდება ისე, რომ ფული მართლაც საჭირო საქმეში დაიხარჯება; 2. ჩვენს უფულო თანამოქალაქეებს, შვილების ფეხბურთზე უფასოდ ტარების საშუალება მიეცემათ; 3. გაიზრდება მწვრთნელების მოტივაცია.

ბოლოს და ბოლოს, საქართველო ბრაზილია არ არის, რომ ყველა ბავშვი ბურთს დააგორებდეს და მთავარი პრობლემა, ათაიათასობით ტალანტიდან საუკეთესოების არჩევა იყოს. საქართველოში ტალანტები ყოველდღიურად უნდა ვეძებოთ. ახლანდელი მიდგომებით კი, შესაძლებელია, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართულმა ფეხბურთმა მომავალი ტალანტები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაკარგოს რომ ბავშვის მშობლებს, გადასახადად დაწესებული 50 თუ 60 ლარი არ გააჩნიათ.

0.112144