სხვა

4:19 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„პატარა კანიბალი“ პოგაჩარი ტურ დე ფრანსის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი გახდა ტურ დე ფრანსის ყველაზე ახალგაზრდა ველომრბოლი, ვინც ველომარათონი ზედიზედ ორჯერ მოიგო. 22 წლის პოგაჩარმა შარშან ტურზე დებიუტისთანავე გაიმარჯვა. წელს კი ყველა მეტოქე ალპებში, მერვე ეტაპზე ჩამოიტოვა და მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

საბოლოოდ, მან 5 წუთით და 20 წამით აჯობა მეორეზე გასულ დანიელ იონას ვინგეგაარდს (ჯუმბო-ვისმა) და 7 წუთზე მეტით ჩამოიტოვა მესამე ადგილის მფლობელი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი (ინეოს გრენადერსი).

პოგაჩარმა (UAE ტიმ ემირატსი) ბოლო ეტაპი, რომელმაც პელოტონი პარიზის შონზ ელისეზე მიიყვანა, ფრთხილად, აღლუმის რეჟიმში გაიარა. „მე მას ვხედავ, როგორც ახალ კანიბალს“, - ასე შეაფასა ჩემპიონი ლეგენდარულმა ედი მერქსმა, ვისაც მეტსახელად სწორედ კანიბალს ეძახდნენ. მერქსს ტური ხუთჯერ აქვს მოგებული. პირველი გამარჯვება კი 1969 წელს, 23 წლისამ მოიპოვა.

ბოლო ეტაპი ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა (ჯუმბო-ვისმა) მოიგო, ვინც საფინიშო სპურტში უკან მოიტოვა თანამემამულე იასპერ ფილიპსენი (ალპესინ-ფენიქსი) და ბრიტანელი მარკ კავენდიში (დესონინკ-ქვიკ-სტეპი). ეს უკანასკნელი ტურზე 35-ე გამარჯვებისთვის იბრძოდა, მაგრამ ამჯერად მიზანს ვერ მიღწია. თუმცა ქულების ჩათვლაში მწვანე მაისური მოიგო.

მერქსი ამბობს, რომ პოგაჩარში ტურის მომავალ მრავალგზის ჩემპიონს ხედავს და დარწმუნებულია, რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სლოვენიელი ფრანგულ ველომარათონს ხუთზე მეტჯერ მოიგებს.

ყვითელი მაისურის გარდა, პოგაჩარმა კიდევ ორი განსაკუთრებული მაისური მოიპოვა. ერთია თეთრი - საუკეთესო მრბოლი 25 წლამდელთა შორის. მეორე კი, უფრო პრესტიჟული, კოპლებიანი, რომელიც საუკეთესო სამთო მრბოლებს გადაეცემათ.

გუნდებს შორის გამარჯვება „ბაჰრეინ ვიქტორიოუსს“ ერგო, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას დოპინგთან დაკავშირებული გამოძიება აქვს აქვს დაწყებული. გუნდმა ორი ეტაპის მოგება შეძლო. ერთი ბელგიელი დილან ტეუნსის ანგარიშზეა, ვინც ეს მთებში სოლო რეიდით შეძლო. მეორე კი - სლოვენიელი მატეი მოჰორიჩი, ვინც ორ ეტაპზე გაიმარჯვა.

0.154096