ავტოსპორტი

3:25 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

როვანპერა WRC-ს ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა

„ტოიოტას“ კალე როვანპერამ ესტონეთის რალი მოიგო და რალის მსოფლიო ჩემპიონატების (WRC) ისტორიაში, რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

20 წლის ფინელმა, ვის მამას, ჰარი როვანპერას, WRC-ს მხოლოდ ერთი რბოლა აქვს მოგებული, სოლიდური უპირატესობით (59.9 წამით) აჯობა „ჰიუნდაის“ ირლანდიელ მრბოლ კრეიგ ბრინს. მესამე ადგილი კი ბელგიელმა ტიერი ნოივილმა (ჰიუნდაი) დაიკავა.

მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა ლეგენდარული ფრანგი სებასტიან ოჟიე (ტოიოტა), ვინც ამჟამად ჩემპიონატის ლიდერია და ესტონური რბოლის (რომელიც მიმდინარე სეზონში მეშვიდე იყო) შემდეგ, უახლოეს მდევართან, ბრიტანელ ელფინ ევანსთან (ტოიოტა), უპირატესობა 37 ქულამდე გაზარდა.

როვანპერას წარმატებამდე, WRC-ს ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულის საპატიო წოდება მის თანამემამულე იარი-მატი ლატვალას ეკუთვნოდა, ვინც ამჟამად „ტოიოტას“ გუნდის შეფია. 2008 წელს, როცა შვედეთის რალი მოიგო, ის 22 წლის იყო.

ლატვალამდ ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულის წოდება კარგა ხანს ეკუთვნოდა კიდევ ერთ ფინელს, ჰენრი ტოივონენს, ვინც 1980 წელს, ბრიტანეთის სამეფო ავტოკლუბის რალი 24 წლისამ მოიგო.

„ძალიან რთული სეზონია და სასიამოვნოა, რომ ჩემი პირველი გამარჯვება აქ, ესტონეთში მოვიპოვე. ჩემთვის ეს თითქმის საშინაო რბოლაა. ბევრი ესტონელი ფანის მხარდაჭერას ვგრძნობდი“, - განაცხადა როვანპერამ.

0.153818