ჩოგბურთი

15:49 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია კალაშნიკოვას ამბავზე: "ვიმედოვნებთ მიზეზი მალე გაირკვევა"

ოქსანა კალაშნიკოვას სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება. ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ პოსტი განათავსა, სადაც წერს, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზია მოპოვებული ჰქონდა, თუმცა, განაცხადის გაგზავნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან დაავიწყდათ, რის გამოც, ზაფხულის თამაშებზე ვერ იასპარეზებს.

"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას, ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში. მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები", - წერია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოქსანა კალაშნიკოვას ტოკიოს ოლიმპიადის საგზური წყვილთა თანრიგში ჰქონდა მოპოვებული. ის რეიტინგის 70-ე ნომერია. შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე 11 სახეობაში 35 სპორტსმენი წარადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111552