ფეხბურთი

11:04 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "დონარუმას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია, ეს მიზნად უნდა დაისახოს"

იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას „პარმაში“ აგრძელებს და დარწმუნებულია, რომ მომდევნო 4-5 წელი მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.

43 წლის კიპერმა Sky Sport-თან ისაუბრა და საკუთარი თავის გარდა, კომენტარი იტალიის ნაკრებზე, ჯიჯო დონარუმაზე და „იუვენტუსზე“ გააკეთა.

„ჩემს ასაკში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება იმაში კარგი მეკარე ვარ თუ არა, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში კარგად თამაში შემიძლია. ფიზიკურად კარგად ვარ, დიდი გამოცდილება მაქვს. კარგ თამაშში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ჩემს ასაკში შეიძლება ვერ იპოვო სწორი მოტივაცია ან გული შესაბამისად არ თბებოდეს. სწორედ ამიტომ ავირჩიე „პარმა“, რომელსაც ყველა ის მახასიათებელი აქვს, რამაც საშუალება მომცა ეს გამოწვევა მიმეღო.

იტალიის ნაკრების ჩემპიონობა? განსხვავება შეიქმნა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ ცნობილნი ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ ასევე საქმის მშვიდად კეთებით და ნათელი იდეებით. გუნდი სტაფმა განსაკუთრებულად მართა.

კიელინის და ბონუჩის ასეთი თამაში ჩემთვის გასაკვირი არ არის, ისინი ამოსავალი წერტილები არიან. ყველა ეროვნულ ნაკრებს სჭირდება გამოცდილება და თავდაჯერება, რაც შეიძლება კონკრეტულმა ფეხბურთელებმა შეიძლება მისცეს. ვერატი ნამდვილი ჩემპიონია, ჟორჟინიო საუკეთესო მოთამაშე. ჩემთვის იტალიის ნაკრების მთავარი სიურპრიზი დონარუმა და კიეზა იყვნენ. ჩემი აზრით, დონარუმას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია, მან ამისკენ უნდა იაროს. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მითხრეს: იაშინის შემდეგ შეგიძლია ისტორიაში მეორე მეკარე იყო. მე ვუპასუხე: მაგრამ რატომ არ შემიძლია პირველი ვიყო? როდესაც ახალგაზრდა ხარ, მიზნად მაქსიმუმი უნდა დაისახო. ჯიჯომ ეს უნდა გააკეთოს.

„იუვენტუსი“? ვფიქრობ, ყველაფერი აქვს, რომ სკუდეტო დაიბრუნოს. გასულ წელს მიუხედავად იმისა, რომ იტალიის თასი და სუპერთასი მოვიგეთ, ხშირად იმედგაცრუებაზე ვსაუბრობდით, რადგან მოლოდინი ძალიან დიდი იყო. ალეგრიზე უკეთ არავინ იცის, რა სჭირდება „იუვეს“ ფეხზე წამოსაყენებლად“, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ დაბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მომდევნო ორ სეზონს ის ნამდვილად ითამაშებს. ლეგენდარული მეკარე პარმეზანელთა ღირსებას 1995-2001 წლებშიც იცავდა, ხოლო შემდეგ თითქმის მთელი კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა.

0.116533