სხვა

23:39 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურის მე-19 ეტაპი მოჰორიჩმა მოიგო

ერთი სლოვენიელი ტურ დე ფრანსის მეორედ მოგებისგან ერთ ნაბიჯშია, მეორე სლოვენიელმა კი მეორედ შეძლო ყველაზე პოპულარული ველომარათონის ეტაპის მოგება. მისი სახელია მატეი მოჰორიჩი და ის იმ გუნდის (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) წევრია, რომელსაც წინა ეტაპამდე პოლიციამ რეიდი მოუწყო.

მოჰორიჩი იმ მცირე ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც პელოტონი ადრევე ჩამოიტოვა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ბოლოს კი ეს ჯგუფიც ჩამოიტოვა და ფინითშან უახლოეს მდევარს, ფრანგ კრისტოფ ლაპორტეს (კოფიდისი) 58 წამით მიასწრო. მესამე ადგილი დანიელმა კასპერ პედერსენმა (ტიმ DSM) დაიკავა, ვინც ფინიშთან ლაპორტესთან ერთად მივიდა.

ლიდერთა შორის არაფერი შეცვლილა. ტადეი პოგაჩარი (UAE ტიმ ემირატსი) ისევ ყვითელ მაისურშია და ისევ სოლიდური უპირატესობით უაგებს მეორეზე მყოფ დანიელ იონას ვინგეგაარდს (ჯუმბო-ვისმა). პოგაჩარმა ეს ეტაპი პელოტონთან ერთად, გამარჯვებულთან 20-წუთიანი ჩამორჩენით დაასრულა.

სხვათა შორის, ბევრი ელოდა, რომ დღევანდელი ეტაპი მასობრივი სპრინტით დასრულდებოდა და ბრიტანელ მარკ კავენდიშს ტურის 35-ე ეტაპის მოგებისთვის ბრძოლის შანსი მიეცემოდა. მაგრამ ის იმ 20 მრბოლს შორის არ აღმოჩნდა, რომლებმაც თავიდანვე შეძლეს დაწინაურება. მოკლედ, ლეგენდარული ედი მერქსის რეკორდის გაუმჯობესების შანსი მას ბოლო ეტაპზე ექნება.

სხვათა შორის, მერქსი მურენსში სტარტს დაესწრო. ეს ის ადგილია, სადაც 1969 წელს მან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამარჯვება მოიპოვა - უახლოეს მდევარს 8 წუთზე მეტით აჯობა. იმ სეზონში მან პირველად მოიგო ტური, სულ კი მის ანგარიშზე ხუთი ტრიუმფია.

0.141888