იტალიის სერია A-ში რეფორმა იგეგმება. როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, ლიგის ხელმძღვანელობა ახალ პროექტზე მუშაობს და იგეგმება როგორც გუნდების რაოდენობის შემცირება, ისე მოქმედი ფორმატის შეცვლა.
იტალიაში განზრახული აქვთ, რომ სერია A-ში 20-ს ნაცვლად 18 გუნდი თამაშობდეს, ხოლო რეგულარული სეზონის მერე ჩემპიონის ვინაობა პლეი-ოფის გზით გაირკვეს.
პლეი-ოფში საუკეთესო ოთხი, ექვსი ან რვა გუნდი მოხვდება, რომლებიც შემდეგ სკუდეტოსთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ჯერჯერობით რაოდენობა დაზუსტებული არ არის, მანამდე, ცხადია, ეს ფორმატი უნდა დამტკიცდეს. სხვათა შორის, იგივე სისტემა იმუშავებს აუტსაიდერთა ზონაში და ლიგაში დამრჩენი გუნდები პლეი-აუტის გზით უნდა გამოვლინდნენ.
ეს საკითხი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამაც არცთუ დიდი ხნის წინ წამოაყენა. მოსალოდნელია, რომ 16 ივლისს დაგეგმილ ასამბლეაზე ამ თემაზე იმსჯელებენ, ხოლო ფორმატი ძალაში 2023 ან 2024 წლიდან უნდა შევიდეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება მიღწეული იქნება.
აქვე გეტყვით, რომ იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება.