ფეხბურთი

0:23 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" მწვრთნელი: "საოცრებები ხდება, იშვიათად, მაგრამ ხდება"

გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ სლოვაკურ "ჟილინასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. უეფას კონფერენს ლიგის პირველი მატჩი გორელებმა სტუმრად 1:5 წააგეს, მაგრამ უკრაინელი სპეციალისტი იმედს არ კარგავს და ამბობს, რომ ფეხბურთში სასწაულები ხდება.

"პირველი მატჩი ჩვენთვის, შედეგიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ძალიან უარყოფითი გამოვიდა, ასეთივეა ჩემი შეფასებაც, მაგრამ ზოგადად თამაშზე თუ ვილაპარაკებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვქონდა მომენტები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა და გაგვეტანა გოლები. მაგალითად, როცა 0:2 ჩამოვრჩით, შეგვეძლო ორი ბურთი გაგვეტანა და, ასე ვთქვათ, დავბრუნებულიყავით თამაშში, რაც სამწუხაროდ ვერ შევძელით. მესამე გოლის გაშვებამ კი ფსიქოლოგიურად გაგვტეხა, მერე გაჩაღდა გახსნილი თამაში და საბოლოოდ 1:5 წავაგეთ.

პირველ შეხვედრაში თავიდანვე გადავწყვიტეთ გახსნილად და აგრსეულად გვეთამაშა იმიტომ, რომ ეროვნულ ლიგაში ბოლო 3 მატჩი მოგებული გვქონდა, ფეხბურთელები ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ. გვსურდა, მოწინააღმდეგისთვის ბრძოლა პირველი წუთებიდანვე გაგვემართა და გვებრძოლა სწრაფი გოლის გასატანად. თუმცა “ჟილინა” აღმოჩნდა უფრო ძლიერი, უფრო შემართებული და უფრო სწრაფი. გამოდის, რომ ვერ გამოვიცანით, როგორ ჯობდა თამაში. ალბათ, უმჯობესი იყო დაცვიდან გვეთამაშა, კონტრშეტევებზე გვეზრუნა. ასეთი გამოთქმა არსებობს: “გადავედით შეტევაზე და ჩავვარდით ტყვედ” – სწორედ ასე დაგვემართა ჩვენც. განმეორებით შეხვედრაში კორექტივებს აუცილებალდ შევიტანთ თუმცა ახლა ამაზე კონკრეტულად არ ვისაუბრებ.”

ჩემი სიტყვებიდან შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმას, რომ ვართ საკუთარ თავში დარწმუნებული და რომ საოცრებები ხდება, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. ამისი მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ როგორც შედარებით დაბალი რანგის ლიგების, ისე, სუპერკლუბებს შორის გამართული ორრაუნდიანი მატჩების შედეგები", - თქვა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, გორის "დილასა" და "ჟილინას" მატჩი 15 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.

0.119103