ფეხბურთი

22:58 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძალიან უხეში და ძვირი შეცდომები: "დინამომ" "ნეფთჩისთან" წააგო

საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. კახა ცხადაძის გუნდს ბაქოში, „ნეფთჩისთან“ აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ დამარცხდა.

არადა, როგორც ერთი კვირის წინ თბილისში, ახლაც, „დინამოს“ მეტოქეზე ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ დაუშვა ძალიან უხეში და ბავშვური შეცდომები, რასაც ასეთ ტურნირზე არავინ პატიობს, მათ შორის, არც „ნეფთჩიც“.

პირველ ტაიმში გიორგი გაბედავას სამჯერ მიეცა კარგი შანსი, მაგრამ ვერ ივარგა და ანგარიში ვერ გახსნა. საპასუხოდ კი აზერბაიჯანელებს პრაქტიკულად არაფერი შეუქმნიათ. მეორე ნახევარი კი „დინამოსთვის“ იდეალურად დაიწყო. 52-ე წუთზე სტუმრებმა კარგი შეტევა განახორციელეს და გაიტანეს.

ლევან ხარაბაძემ უძლიერესად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა, მასპინძლებმა მისი შორს მოგერიება ვერ შეძლეს და გიორგი კუციამ დაარტყა, რომელსაც მეკარე მამადოვმა აჯობა, თან ბურთი ძელსაც მოხვდა, მაგრამ „ნეფთჩი“ გოლს ვერ გადაურჩა, რადგან დამატებაზე მილან რადინმა ივარგა და სავსებით სამართლიანად თბილისები დაწინაურდნენ.

ეს ანგარიში „დინამოს“ დამატებით დრომდე მიიყვანდა, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. 7 წუთში როინ კვასხვაძემ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა. ბურთი ცუდად გააჩერა და ის მეზა კოლიმ მოპარა, რის შედეგადაც ქართველმა მეკარემ თამაშის წესი დაარღვია. პენალტი მახმუდოვმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. მალევე უკვე ალასგაროვმა გაიტანა ეფექტური გოლი და აქ ყველაფერი დასრულდა.

„დინამომ“ „ნეფთჩისგან“ 4 გოლი გაუშვა და 3 ძალიან უხეში შეცდომისა და დაუდევარი მოქმედების შედეგად. ორ-ორი გოლი მახმუდოვმა და ალასგაროვმა გაიტანეს. კახა ცხადაძის გუნდი არცთუ ისე ძლიერ „ნეფთჩისთან“ დამარცხდა და ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს - შეცდომებმა ყველაფერი გადაწყვიტა.

„დინამო თბილისს“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2016 წლის მერე თამაში არ მოუგია (1 ფრე, 7 წაგება) და ახლა ძალებს კონფერენს ლიგაზე მოსინჯავს, სადაც ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება.

„ნეფთჩი“ – „დინამო თბილისი“ 2:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:2

ბაქო, „ბაქსელ არენა“

„ნეფთჩი“ (3-5-2): მამადოვი; ჩელიკი, მბოჯი, სტანკოვიჩი; ბულუდოვი, მახმუდოვი, კანე, ბუღრინი (ნასაფოვი 76), ლავალი; მეზა კოლი (სოარესი 72), ალასგაროვი (აბასოვი 90)

მწვრთნელი: სამირ აბასოვი

„დინამო თბილისი“ (3-5-2): კვასხვაძე; ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო; სპორკსლედე (მორჩლაძე 70), რადინი (ქავთარაძე 90), ქარდავა (მექვაბიშვილი 74), კუცია (ოსეი 70), ხარაბაძე (იაშვილი 90); გაბედავა, მარუშიჩი

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გოლები: 0:1 რადინი (52), 1:1 მახმუდოვი (59, პენ), 2:1 ალასგაროვი (69)

გაფრთხილება: მეზა კოლი (22), მბოჯი (55), ლავალი (64), ბულუდოვი (81) - რადინი (45), გაბედავა (53), კუცია (64), ბენიო (71), მორჩილაძე (83), იაშვილი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 13 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დუმიტრი მუნტეანი (მოლდოვა)

0.139196