ფეხბურთის ბლოგერმა და რუსული ევროსპორტის ჟურნალისტმა პაველ გოროდნიცკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე ზაფხულს ყაზანის „რუბინს“ არ დატოვებს.
როგორც მან აღნიშნა, კლუბს არ უდგას აუცილებლობა, რომ ქართველი შემტევი გაყიდოს, რადგან დამდეგ სეზონში კარგი თამაშის შემთხვევაში მისი ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.
„ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს „რუბინს“ არ დატოვებს. ორიოდე თვის წინ მამამისმა თქვა, რომ რუსეთში თამაშს არ აპირებდნენ, ეს იყო მინიშნება, რომ ის „ზენიტში“ არ გადავიდოდა. როგორც ვიცით, ხვიჩაც ემზადებოდა ევროპაში წასასვლელად. როგორც ხდება ხოლმე, ევროპული კლუბები „რუბინს“ ურეკავნ ან ფაქსს უგზავნიან და იქიდან იღებენ პასუხს, რომ 18 მილიონ ევროდ არ იყიდება. იმის გამო, რომ „რუბინს“ სურს, უფრო ძვირად გაყიდოს, მაგალითად 30 მილიონად. კონტრაქტი ძალაში 2024 წლამდეა და ახლა მისი გაყიდვის საჭიროება არ არის, რადგან მომდევნო სეზონში შეუძლია პრემიერლიგასა და ევროთასებზე თავი გამოიჩინოს და მომდევნო ზაფხულში უფრო ძვირად წავიდეს. ვის გაყიდის „რუბინი“? კარლ სტარფელტს და ამ ფულით, ხვიჩასთან, სლუცკისთან და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის პერსპექტივით მშვიდად იცხოვრებენ“, - თქვა გოროდნიცკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინთან“ ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება და ჯერჯერობით ტრანსფერის შესახებ სიახლეები არ ვრცელდება. „რუბინი“ დღეს ამხანაგურ მატჩს მოსკოვის „სპარტაკთან“ ჩაატარებს.