სხვა

11:12 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონრადმა ტურზე პირველად მოიგო, პოგაჩარი ისევ ყვითელშია

ტურ დე ფრანსი დასასრულს უახლოვდება. დღეს პირენეებში კიდევ ერთი სამთო რბოლა (მე-16 ეტაპი) იყო, რომელმაც ლიდერთა შორის ვერაფერი შეცვალა. გამარჯვება კი ავსტრიელმა პატრიკ კონრადმა მოიპოვა, ვისთვისაც ეს ფრანგულ ველომარათონზე მოგებული პირველი ეტაპია.

როდესაც ფინიშამდე 36.5 კილომეტრი რჩებოდა, კონრადმა (ბორა-ჰანსგრო) სოლო შეტევა წამოიწყო და მოწინვაეთა მცირე ჯგუფის ჩამოტოვება შეძლო. საბოლოოდ, 29 წლის ველომრბოლმა ფინიშთან 42 წამით მიასწრო იტალიელ სონი კოლბრელის (ბაჰრეინ ვიქტორიოუს), რომელმაც მდევართა სპრინტი მოიგო. მესამე ადგილი ავსტრალიელმა მაიკლ მეტიუზმა (ტიმ ბაიკ ექსჩეინჯ) დაიკავა.

დაწინაურებულთა შორის უკვე სამჯერ ვიყავი და ყოველთვის ვაგვიანებდი შეტევის დაწყებას. დავაკვირდი, რომ ვინც მოწინავეთა რიგებიდან რბოლას იგებდა - მატეი მოჰორიჩი და ბოკე მოლემა, შეტევას ფინიშამდე დიდ მანძილზე იწყებდა. სწორედ მათ მივბაძე. გადავწყვიტე, ინიციატივა საკუთარ ხელში ამეღო“, ყვება ავსტრიის ჩემპიონი.

კონრადი სულ მესამე ავსტრიელი ველომროლია, ვინც ტურ დე ფრანსზე ეტაპის მოგება შეძლო. პირველმა ეს 2005 წელს გეორგ ტოხტინგმა მოახერხა, მაქს ბულამ კი სამი ეტაპის მოგება შეძლო და ერთ ეტაპზე ყვითელი მაისურითაც კი იასპარეზა.

მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა ლიდერობა იოლად შეინარჩუნა, რადგან მის მთავარ კონკურენტებს დიდად არ უაქტიურიათ. ამის მიზეზი ისაა, რომ მე-17 ეტაპზე ურთულესი კოლ დუ პორტეა გასავლელი, სადაც 16-კილომეტრიანი აღმართის საშუალო დახრა, 8.7 პროცენტს აღწევს. მანემდე კი არანაკლებ რთული ორი აღმართია გასავლლი - კოლ დე პეირსურდი, 13.2-კილომეტრიანი მონაკვეთით (საშუალო დახრა 7.0 პროცენტი) და კოლ დე ვალ ლურონ-აზეტი, რომლის მანძილი 7.4 კილომეტრია, საშუალო დახრა კი - 8.3 პროცენტი.

„აშკარაა, რომ ჩემი მეტოქეები ხვალის ეტაპისთვის ემზადებიან. აქ ყველა შეტევას ეცდება, რადგან ეს ურთულესი ეტაპია მიმდინარე რბოლაში. თუ ხვალ ვინმე თავს კარგად იგრძნობს, იმასთან დიდ უპირატესობას მიიღებს, ვინც ფორმაში ვერ იქნება. და წარმოდგენა არ მაქვს, ისინი (მეტოქეები)რა ტაქტიკის გამოყენებას აპირებენ“, - ამბობს პოგაჩარი (UAE ტიმ ემირატსი).

0.157015