ფეხბურთი

22:51 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამირ აბასოვი "დინამოსთან" მატჩამდე: "კარგ მდგომარეობაში არ ვართ, გაძლიერება გვჭირდება"

ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა „დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. აზერბაიჯანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი კარგ მდგომარეობაში არაა და გაძლიერება სჭირდება.

„ხვალ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა, რადგან გულშემატკივრები სტადიონზე ბრუნდებიან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილებაში. ამას ქომაგების და ფეხბურთელების სახელით ვამბობ. ეს შესანიშნავი ნაბიჯია.

დაძაბულობა უკვე იგრძნობა, მაგრამ ეს ნიშნავს შიშს. ვიცით, რა პასუხისმგებლობის ტვირთი გვაწევს. საქართველოში ვნახეთ რამდენად ძლიერი და მომზადებულია მეტოქე. იქ ჩემპიონატი მიმდინარეობს და სრულიად მზად არიან, ეს პირველ თამაშში ვიგრძენით. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, ჩვენი თამაში კარგი არ იყო. უნდა გამოვასწოროთ. ადრე სტუმრად გატანილ გოლს მნიშვნელობა ჰქონდა, ახლა კი არა, ვეცდებით, ხვალ ყველაფერი გამოგვივიდეს.

გუნდიდან თითოეული მოთამაშის წასვლა ნეგატიურ გავლენას ახდებს, ამიტომ აუცილებელია შევავსოთ ის ხარვეზები, რაც წარმოიშვა. პირველ მატჩში კარგად ვერ ვითამაშეთ, პოზიციებს ვკარგავდით, განსაკუთრებით ფლანგებზე. ხვალ სულ სხვა თამაში უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ ბევრი ტრანსფერი გვჭირდება, მანამდე მინიმუმ ორი პოზიციის გამაგრებას ვცდილობთ. ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერებაა საჭირო, რადგან ზოგიერთ პოზიციაზე ფეხბურთელები უბრალოდ არ გვყავს.

ამჟამად ღიად ვიტყვი, რომ „ნეფთჩი“ არ არის კარგ მდგომარეობაში. არ ვიცი შევძლებთ თუ არა ჯგუფურ ეტაპზე გასვლას, ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია. გაცილებით რეალურია კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, ვნახოთ როგორ ვითამაშებთ“, - თქვა აბასოვმა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი „დინამო თბილისმა“ საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო, ხოლო ბაქოში თამაში 14 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე ალმატის „ყაირატსა“ და ჰაიფას „მაკაბის“ წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება.

0.124868