ფეხბურთი

18:05 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟინიო: "იტალიამ მაშინ მიმიღო, როცა მიჭირდა და არ შემეძლო აქ თამაშზე უარი მეთქვა"

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ჟორჟინიომ ადგილობრივ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. მან გაიხსნეა ევრო 2020-ის ფინალში გაცუდებული გადამწყვეტი პენალტი, რატომ არ აირჩია ბრაზილიის ნაკრებში თამაში და ასევე „ოქროს ბურთი“, რადგან ის უპრესტიჟულესი ჯილდოს მოგების ერთ-ერთი კანდიდატია.

„ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო. ვიცოდი, რომ დონარუმა ბოლო პენალტს მოიგერიებდა“, - თქვა მან ხუმრობით და განაგრძო: „ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ გუნდისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის. პენალტი ვერ გავიტანე და ჩემთვის სამყარო დაინგრა, მინდოდა გუნდისთვის გამარჯვება მომეტანა. საბედნიეროდ, კარში გვყავს ფენომენი, რომელმაც გადამარჩინა.

რატომ არ ვთამაშობ ბრაზილიის ნაკრებში? იტალიის 21-წლამდე ნაკრებიდან წინადადება მაშინვე მივიღე. იმ დროს ბრაზილიის ნაკრებისგან თავს ძალიან შორს ვხედავდი. იტალიაში გავიზარდე, აქ ძალიან კარგად მიმიღეს. გულწრფელად, ორჯერ არ მიფიქრია ამ წინადადებაზე. 21-წლამდელების შემდეგ ორი ამხანაგური მატჩი ჩავატარე იტალიის ნაკრებში და შვედეთთან პლეი-ოფის მატჩებისთვის გამომიძახეს, სწორედ იმ დროს, როცა ბრაზილიის ნაკრებშიც მიწვევდნენ. ედუ გასპარმა მითხრა: „ჟორჟე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოგიძახოთ, მაგრამ გარანტირებულს ვერაფერს მოგცემ. კარგად ვიცით, რომ ეს რთულია, იქნებ, ოჯახს ესაუბრო ამის შესახებ“. უცებ ყველაფერი გართულდა. ბრაზილიის ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ამასთან ვგრძნობდი, რომ იტალიას შვედეთთან გადამწყვეტ მატჩში ჩემი დახმარება სჭირდებოდა. როცა მე ეს მჭირდებოდა, იტალია დამეხმარა, ჩახუტებული მიმიღო და კარი გამიღო. ამას ზურგს ვერ ვაქცევდი. ასე, რომ მათ უარი ვუთხარი: „არა, იტალია მჭირდება“. ეს გადაწყვეტილება მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ.

„ოქროს ბურთი“? ოცნებებისთვის ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან გულწრფელი ვიქნები: ეს დამოკიდებულია სხვადასხვა კრიტერიუმებზე. თუ ნიჭზეა დამოკიდებული, ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო არ ვარ, მეორეს თუ არჩევანი ტიტულებს ემყარება, ჩემზე მეტი ტიტული არავის მოუგია. მესის, რონალდუს და ნეიმარს ჩემგან სრულად განსხვავებული თვისებები აქვთ.

მანჩინი? მწვრთნელმა ფეხბურთელების თვისებებს თამაში მოარგო. თქვენ ხედავთ მის ხელს. იტალიის ჰიმნი ყველას ღრმად გვეხება, ჩვენ განსაკუთრებული გუნდი ვართ. ვიცოდით რამდენად მნიშვნელოვანი იყო ევროპის ჩემპიონატი იმ იმედგაცრუების შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით.

ბრაზილიის ნაკრები? ბრაზილიის ნაკრები ყოველთვის იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. სტატისტიკა ნათელია: ისინი თამაშში რამდენიმე გოლს იტანენ და დომინირებენ. სამწუხაროდ, კოპა ამერიკა ვერ მოიგეს, მაგრამ ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ დიდი ტურნირები მოიგონ. იმედია, ჩვენს წინააღმდეგ ამას ვერ მოახერხებენ“, - თქვა ჟორჟინიომ.

შეგახსენებთ, ჟორჟინიო იტალიის ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი იყო და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მან ესპანეთთან გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, იგივე შეეძლო ინგლისთან ფინალში, თუმცა ჯორდან პიკფორდმა აჯობა. „სკუადრა აძურას“ საყრდენი „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევა, რადგან ევრო 2020-ის გარდა მან ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ორივე გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

0.127961