ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარე დინო ძოფმა იტალია - ინგლისის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ძოფი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული იტალიელ ფეხბურთელებს შორის (1968 წელს), ხოლო 2000 წელს ფინალი მთავარი მწვრთნელის რანგში წააგო.
ასევე ძოფს მოპოვებული აქვს გამარჯვება „უემბლის“ სტადიონზე, როდესაც იტალიამ ინგლისი სტუმრად პირველად დაამარცხა (1973 წელს). „პაპა დინომ“ წარსულიც გაიხსენა და აწმყოზეც ისაუბრა.
“ცეცხლოვანი გულით და ცივი გონებით გამარჯვება შესაძლებელია. ეს უფრო რთული იყო 1973 წელს, რადგან ინგლისთან მათ მოედანზე არასდროს მოგვეგო და ისინი თავს სპორტის ამ სახეობის მფლობელად მიიჩნევდნენ. „უემბლი“ აკრძალულ ტაძარს ჰგავდა. ინგლისელები ოფიციანტებს გვეძახდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამით შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ იტალიელების გაბრაზების საუკეთესო გზა ეს იყო. მხოლოდ ამხანაგური მატჩი მოვიგეთ, მაგრამ რწმენა მოგვცა, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვეძლო.
ინგლისი შინ თამაშობს და ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ მათი დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია. იტალია არავითარ შემთხვევაში არ ჩამოუვარდება მეტოქეს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ხარისხი, გამოცდილება, ხასიათი და დარწმუნებული ვარ, გამარჯვება შეგვიძლია. მათ 60 000 ადამიანი მხარს დაუჭერს, მაგრამ გულშემატკივარი არ არის ის, ვინც გოლებს იტანს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინგლისელ ფეხბურთელებზე ზეწოლა ძალიან დიდია. წარმოიდგინეთ ისინი თუ ვერ მოიგებენ, რა მოხდება.
დღემდე მახსოვს, წვიმა, ცივი ღამე, ფაბიო კაპელოს გამარჯვების გოლი და ინგლისში ემიგრირებული ჩვენი თანამემამულეების უკონტროლო სიხარული. „უემბლიზე“ თამაში ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა და ამიტომ, „აძურის“ ვეტყვი, რომ ისიამოვნონ ამ მომენტით და არ შეგეშინდეთ. რაც მთავარია, ჩვენს გუნდში ერთიანობაა, მათ პრიმა დონა არ ჰყავთ და ვინც მოედანზე გადის, ყველაფერს აკეთებს. მათ საოცარი სურვილი აქვთ.
ჯანლუიჯი დონარუმას ფანტასტიკური ევრო აქვს. ჯიჯოს უზარმაზარი ხარისხი აქვს, მაგრამ ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიმწიფის დონეს მიაღწია, რომლითაც შეუძლია გახდეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. მე აღფრთოვანებული იმით, რომ მოუმატა კარიდან გამოსვლის დროს და დაცვის კონტროლში“, - თქვა ძოფმა.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებს ინგლისის ნაკრებთან დიდ ტურნირებზე არასდროს წაუგია (3 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე და ფრის შემთხვევაში პენალტების სერიით მომდევნო ეტაპზე გავიდა). გარდა ამისა, ბოლოს ოფიციალური მატჩი ინგლისთან 1977 წელს წააგო, ხოლო ბოლო 14 თამაშიდან ინგლისმა იტალიასთან მხოლოდ ორჯერ მოიგო. იტალიას „უემბლიზე“ ინგლისი ორჯერ ჰყავს დამარცხებული - 1973 წელს ფაბიო კაპელოს გოლით (1:0) და 1997 წელს ჯანფრანკო ძოლას გოლით (1:0). იტალიელებმა ინგლისში ბოლოს 2002 წელს მოიგეს, თუმცა არა „უემბლიზე“, არამედ ლიდსში, „ელან როუდზე“ (2:1).