68 წლისა გარდაიცვალა ინგლისის ნაკრებისა და „იფსვიჩის“ ყოფილი შემტევი, პოლ მარინერი. მას ტვინის კიბო ჰქონდა.
მარინერი იმითაა ცნობილი, რომ 1981 წლის ნოემბერში უნგრეთის ნაკრებს გაუტანა გოლი, რომელმაც ინგლისელები 12-წლიანი პაუზის შემდეგ გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
მანამდე, ინგლისელებს ბოლოს 1970 წლის მექსიკის მუნდიალზე ეთამაშათ მსოფლიო ჩემპიონების რანგში. გერმანიის 1974 და არგენტინის 1978 წლების ტურნირებზე კვალიფიკაცია ვერ გაიარეს. 81-ის ბოლოსაც, ნორვეგიასთან წაგების კვალად, ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდათ. მაგრამ მაშინ თანაჯგუფელმა რუმინელებმაც „ივაჟკაცეს“ და ბრიტანელებს შანსი გაუჩინეს. ბოლო შეხვედრაში ინგლისელებმა „უემბლიზე“ 1:0 მოუგეს უნგრელებს. ერთადერთი ბურთი მე-16 წუთზე მარინერმა გაიტანა და ერის გმირიც გახდა. რონ გრინვუდის გუნდი ესპანეთში გაემგზავრა.
მარინერმა „სამი ლომის“ შემადგენლობაში ჯამში 35-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.
ჩვენ ის სწორედ ესპანეთის მუნდიალიდან გვახსოვს, როცა ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩში პლატინის საფრანგეთს გაუტანა.
მარინერი „იფსვიჩ თაუნის“ ლიდერიც გახლდათ, რომელმაც 1978 წელს ინგლისის, ხოლო 1981-ში უეფას თასები მოიგო. „იფსვიჩში“ მარინერმა 339 მატჩში 139 გოლი გაიტანა.