ფეხბურთი

11:44 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სპინაცოლა: "ფინალში ლონდონში ვიქნები, იმედი მაქვს მოვიგებთ და ყავარჯნებით ვიზეიმებ"

იტალიის ნაკრების მცველი ლეონარდო სპინაცოლა ევრო 2020-ის ფინალს ლონდონში დაესწრება და გუნდთან ერთად იქნება. 28 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ „უემბლიზე“ გამარჯვებას ყავარჯნებით იზეიმებს.

„ლონდონში გუნდთან ერთად მივდივარ. ახლა უფრო აღფრთოვანებული ვარ, ვიდრე გუნდში ყოფნისას. ესპანეთთან გამარჯვება მე მომიძღვნეს? ორი საათი გუნდს მადლობას ვუხდიდი, რადგან ეს წარმოუდგენელი ემოცია იყო. ტრავმის ეპიზოდის დავიწყება ცოტა რთულია. ახლა აქ ვარ, ჩემს ოჯახთან ერთად ვფიქრობ იმ კარგ რამეებზე, რაც ცხოვრებაში გვაქვს და მათთან ერთად წინ მოვდივარ. მთავარია ფეხზე ყოველთვის წამოდგე, არასდროს შეწყვიტო საკუთარი თავის რწმენა. ცოტათი იღბალი უნდა გქონდეს, რადგან ეპიზოდებს შეუძლია კარიერის შეცვლა. ჩემი დაბრუნების თარიღი? მთავარია კარგად დაბრუნება, ერთი თვით მეტი ან ნაკლები ბევრს არაფერს ცვლის.

ფინალი? მე იქ ვიქნები, ყავარჯნებით ვიზეიმებ, რადგან იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ და ერთი ფეხით ვიხტუნებ. თანაბარი ანგარიში იწყება, ჩვენ ინდივიდუალურად წარმოუდგენელი გუნდი გვყავს, ფენომენალური ფეხბურთელები სკამზე. ინგლისი ძალიან ძლიერია, რთული თამაში იქნება, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და ამის გაკეთება შეგვიძლია“, - თქვა სპინაცოლამ.

შეგახსენებთ, ლეონარდო სპინაცოლამ მძიმე ტრავმა ბელგიასთან მეოთხედფინალურ მატჩში მიიღო და ფეხბურთს 2020 წელს ვეღარ ითამაშებს. იტალიისა და ინგლისის თამაში 11 ივლისს გაიმართება.

0.118991