ბრიტანელმა ველომრბოლმა მარკ კავენდიშმა მიზანს მიაღწია - მიმდინარე ტურ დე ფრანსზე მეოთხე მოიგო, რიტაც კარიერაში ტურზე მოგებული რბოლების რიცხვი 34-მდე აიყვანა. ეს კი ლეგენდარული ედი მერქსის რეკორდია.
კავენდიშმა (დესონინკ-ქვიკ სტეპი), ვისი ველომარათონზე გამოსვლაც, მხოლოდ თანადუნდელის ტრავმის შემდეგ გადაწყდა, 219.9-კილომეტრიანი მე-13 ეტაპი სპრინტერულ ბრძოლაში მოიგო. ის ფინიშამდე 1 კილომეტრით ადრე, გუნდის „მატარებელმა“ მიაცილა. ბოლო გამცილებლად მას დანიელი მიქაელ მორკოვი შემორჩა, რომელმაც თავის ლიდერს ბოლომდე გაუმაგრა ზურგი და ფინიში მეორემ გადაკვეთა.
ბოლო მეტრზებზე მაღალი ტემპი აკრიფა ბელგიელმა იასპერ ფილიპსენმა (ალპესინ-ფენიქსი), მაგრამ კავენდიშმაც და მორკოვმაც მას სანტიმეტრებით აჯობეს. სპრინტერული ეტაპის შემდეგ, ლიდერთა შორის არაფერი შეცვლილა. ყვითელი მაისურით ისევ ჩემპიონი ტადეი პოგაჩარი (UAE ტიმ ემირატსი) იასპარეზებს.
„შესანიშნავი ბიჭები გვყავს, დაუჯერებელია. რბოლის ბოლოს ზღვარზე ვიყავი. მცირე აღმართზე ბალე (იტალიელი თანაგუნდელი დავიდე ბალერინი) ჩემთან იყო, შემდეგ კორტინა (ესპანელი ივან გარსია) თითქოს ჩამორჩა, მაგრამ მორკოვმა უკან დააბრუნა“, - ყვება კავენდიში, ვისაც მიმდინარე რბოლამდე, ტურზე ბოლოს 2018 წელს იასპარეზა. 36 წლის კავენდიშს ტურზე წლევანდლამდე ბოლო გამარჯვება 2016 წელს ჰქონდა მოპოვებული.
მერქსის რეკორდთან დაკავშირებულ კითხვაზე, კავენდიში პასუხობს: „ეს ჯერაც არ გამიცნობიერებია. უბრალოდ, ტურ დე ფრანსზე მორიგი გამარჯვება მოვიპოვე. ბავშვობაში ჩემი ოცნება, ტურ დე ფრანსის ერთი რბოლის მოგება იყო და ამისთვის ბევრი ვიშრომე. თუ ჩემი გამარჯვებებიდან რომელიმე, ბავშვებს ტურზე ასპარეზობის სურვილს გაუჩენს, ამას ჩემთვის ყველაზე მეტი ფასი ექნება“, - ამბობს ბრიტანელი.
თუ კავენდიში რბოლებს ძირითადად სპრინტერულ ფინიშებზე იგებს, მერქსს გამარჯვება ნებისმიერ რელიეფზე შეეძლო. და მას ტურ დე ფრანსი ხუთჯერ აქვს მოგებული. გარდა ამისა, სამჯერ მოიგო ტურის მწვანე მაისური (საუკეთესო სპრინტერი) და ორჯერ გახდა საუკეთესო სამთო მრბოლი (კოპლებიანი მაისური). და ამ ყველაფერს „კანიბალმა“ 1969-1977 წლებში მიაღწია.
„ედი მერქსს ვერავინ შეედრება“, - ამბობს კავენდიში!