ჩოგბურთი

22:54 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალში მეშვიდედ გავიდა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში დენის შაპოვალოვი 7:6, 7:5, 7:5 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის ფინალში კარიერის განმავლობაში მეშვიდედ გავიდა. კვირას, ჯოკოვიჩი შეეცდება მეექვსედ მოიგოს უიმბლდონი და ასევე, მე-20 დიდი სლემის ტურნირის მოგებით რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეოროს.

სარეკორდო მატჩისთვის სერბმა ჩოგბურთელმა მატეო ბერეტინი უნდა დაამარცხოს, რომელმაც ჰუბერტ ჰურკაჩს მოუგო ნახევარფინალში. ჯოკოვიჩი მატეოს 2:0 უგებს ურთიერთშეხვედრებში და ფინალში გამოკვეთილი ფავორიტი იქნება. მიმდინარე უიმბლდონზე ნოვაკმა მხოლოდ ერთი სეტი დათმო და ისიც პირველ რაუნდში ჯეკ დრაპერთან. ბერეტინის კი ბალახის საფარზე ზედიზედ 11 მატჩი აქვს მოგებული. ასევე უნდა ითქვას, რომ სერბი გახდა მეექვსე ჩოგბურთელი, რომელმაც ბალახის საფარზე ზედიზედ მინიმუმ 20 მატჩი მოიგო.

კანადელთან დაპირისპირებაში მსოფლიოს პირველმა ნომერმა 33 ვინერი შეასრულა, მათ შორის 8 ეისი, ხოლო შაპოვალოვმა 40 ვინერი (5 ეისი). რაც შეეხება უნებლიე შეცდომებს, ამ კომპონენტში სერბი კვლავ დამაჯერებელი იყო, 21-ით (15-36) ნაკლები შეცდომა დაუშვა და ნაწილობრივ ამ ფაქტორმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.

საბოლოოდ, ნოვაკი დიდი სლემის ტურნირების ფინალში 30-ედ გავიდა და ერთით ჩამორჩება ლიდერ როჯერ ფედერერს. მესამე პოზიციაზე კი რაფაელ ნადალია 28 ფინალით. ჯოკოვიჩი შეეცდება მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე დიდი სლემის ტურნირი მოიგოს და ასევე შანსი ექნება ამერიკის ღია პირველობის მოგებით კალენდარული წლის დიდი სლემი შეასრულოს.

0.127682