სხვა

2:54 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კავენდიშმა 34-ე რბოლა ჯერ ვერ მოიგო

მიმდინარე ტურ დე ფრანსზე ყველა ელის, რომ ბრიტანელი მარკ კავენდიში 34-ე ეტაპს მოიგებს და ამით ლეგენდარული ედი მერქსის რეკორდს გაიმეორებს. დღეს ტურზე სპრინტერული ეტაპი იყო და ბრიტანელს სანუკვარი მიზნის მიღწევის შანსი ჰქონდა. მაგრამ ამ შანსის გამოყენების საშუალება, გერმანელმა ნილს პოლიტმა არ მისცა.

რბოლის განმავლობაში, პელოტონს 13 ველომრბოლი გამოეყო, რომლებმაც ძირითადი ჯგუფი დიდ მანძილზე ჩამოიტოვეს და აშკარა გახდა, რომ გამარჯვებისთვის სწორედ ისინი იბრძოლებდნენ. მაგრამ 27 წლის პოლიტმა (ბორა ჰანსგრო) ტემპი კიდევ უფრო გაზარდა და დაწინაურებული ჯგუფიც გაწელა. ფინიშამდე 12 კილომეტრით ადრე კი მარტო დარჩა და ხაზიც ასე ეულად გადაკვეთა.

გამარჯვებულს 31 წამით ჩამორჩნენ ესპანელი იმანოლ ერვიტი (მოვისტარი) და ავსტრალიელი ჰარი სუინი (ლოტო-სუდალი). პელოტონს ფინიშთან კავენდიში (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) მიუძღვა, რომელმაც რბოლა ამჯერად მე-14 ადგილზე დაასრულა. ის პოლიტს დაახლოებით 16 წუთით ჩამორჩა. თუმცა სპრინტერთა ჩათვლაში ლიდერობა (და მწვანე მაისურიც) იოლად შეინარჩუნა.

ყვითელ მაისურში დარჩა მოქმედი ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი (UAE ტიმ ემირატსი), ვინც უახლოეს მდევრებს ისევ ხუთ წუთზე მეტს უგებს.

„ტურ დე ფრანსის ეტაპის მოგება ჩემი ოცნება იყო. დღეს გავიგე, რომ პეტერი (შაგანი, ბორა-ს ლიდერი) მუხლის პრობლემის გამო, რბოლას ტოვებდა. ამან ჩვენი ტაქტიკა შეცვალა. ბოლო კილომეტრზებზე ვიგრძენი, რომ ძალა საკმაოდ შემრჩენოდა. ყველაფერი ვცადე, რაც შემეძლო. თუმცა გამარჯვება მაინც დაუჯერებელია“, - განაცხადა პოლიტმა.

რაც შეეხება კავენდიშს, სტარტამდ რბოლის ორგანზატორებმ ვერ შეძლეს მისთვის სპეციალური მაისურის მიწოდება, რომელიც აეროდინამიკურად უფრო უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი მაისური. მომდევნო ეტაპიც მსგავსია, ოღონდ უფრო გრძელი და კავენდიში იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც შეძლებს სასურველი გამარჯვების მოპოვებას. მას კი პირენეებში სამთო ეტაპები მოჰყვება.

0.116592