ფეხბურთი

0:47 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" სან მარინოში გაისეირნა, "გაგრამ" ბრძოლაში წააგო, მაგრამ შანსი შეინარჩუნა

საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ უეფას კონფერენს ლიგის გათამაშებაში ჩაერთო და სტუმრად მონტენეგროს „სუტიესკას“ ესტუმრა, რომელსაც დიდი ბრძოლა გაუმართა.

ეს მოსალოდნელიც იყო. „გაგრა“ ევროსარბიელზე საქართველოს სახელს შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ღირსეულად იცავს და ახლაც ასე იყო. გაგა კირკიტაძის გუნდმა მატჩის დასაწყისშივე მარკო ვუკოვიჩისგან გოლი გაუშვა, მაგრამ მერე თავი კარგად დაიცვა.

უშანსოდ შეტევაში „გაგრა“ არ ყოფილა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. საბოლოოდ 0:1 წააგო, რაც ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში გაირკვევა ყველაფერი. „გაგრას“ ნამდვილად ხელეწიფება, რომ თბილისში მეტოქეს აჯობოს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვოს.

სამაგიეროდ, პირველივე შეხვედრაში ყველაფერი გადაწყვიტა „დინამო ბათუმმა“, რომელმაც სან მარინოში „ტრე პენე“ 4:0 გაანადგურა და ფაქტია, საპასუხო თამაშს აზრი დაუკარგა.

გია გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს კლასით ბევრად აღემატებოდა და 18 წუთი მოანდომა სამი გოლის გატანას. გიორგი ფანცულაიამ და ლადო მამუჩაშვილმა ჯოვინოსა და ჯაბა ჯიღაურის პასებით გაიტანეს, ხოლო მერე თავად ჯიღაურმა დალაშქრა „ტრე პენეს“ კარი. მეორე ნახევარში თავი გიორგი ზარიამაც გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სუტიესკა“ (მონტენეგრო) – „გაგრა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ვუკოვიჩი (17)

„ტრე პენე“ – „დინამო ბათუმი“ 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 ფანცულაია (8), 0:2 მამუჩაშვილი (10), 0:3 ჯიღაური (18), 0:4 ზარია (58)

0.118736