ფეხბურთი

3:15 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტი: "იტალიასთან ეპიკური თამაში იქნება"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა დანიის ნაკრებთან დამატებით დროში (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მთელ ქვეყანას დაუვიწყარი ღამე აჩუქეს და ეს ყველაზე კარგი რამ იყო, რაც მოხდა.

„ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა და ასეც მოხდა. უკრაინასთან დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევდა გარკვეული სიმტკიცით თამაში, თუნდაც ანგარიშის გასათანაბრებლად თამაში. ამ გუნდში ეჭვი არასდროს მეპარებოდა, ვგრძნობდი, რომ ეს შეგვეძლო. დანია ყოველთვის ნაკლებად იყო დაფასებული, მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და გამარჯვება ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა.

ამ საღამოს ყველაზე ლამაზი ის არის, რომ ჩვენს ფანებს და მთელ ქვეყანას ფანტასტიკური ღამე ვაჩუქეთ, ემოცია, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

იტალია? ისინი უკვე ორი წელია ამტკიცებენ თავიანთ ღირებულებას. ნამდვილი მეომარი მცველები ჰყავთ, მაგრამ მთლიანად გუნდიც ძალიან ძლიერია. ეს იქნება კიდევ ერთი ეპიკური მატჩი, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ისტორია დავწეროთ“, - თქვა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები დიდი ტურნირის ფინალში ისტორიაში მეორედ და 1966 წლის შემდეგ პირველად გავიდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალსაც პირველად უწია. ევრო 2020-ის გადამწყვეტი თამაში 11 ივლისს, „უემბლიზე“ გაიმართება.

0.105017