ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა დანიასთან დამატებით დროში გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. მან დიდ ტურნირებზე მეათედ გამოიჩინა თავი და ინგლისელ ფეხბურთელებს შორის გარი ლინეკერის რეკორდი გაიმეორა. კეინმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“შესანიშნავი თამაში იყო, ჩვენთვის ძალიან რთული. ისინი თავს უკნიდან იცავდნენ, ჩვენ ამას ველოდით და თამაში კარგად დავიწყეთ. მართლაც დიდებული იყო ამ წარმოუდგენელი პუბლიკის წინაშე გამარჯვება. პენალტის გატანა ადვილი არ იყო, შმეიხელი შესანიშნავი იყო, მაგრამ მე გოლის გატანის ბოლომდე მჯეროდა. ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე და გარი ლინეკერს გავუთანაბრდი დიდ ტურნირებზე 10 გოლით.
ახლა ფინალში ვართ, ვიცით, რამდენად რთული იქნება იტალიასთან, მაგრამ აქამდე მოვედით და გვინდა ევროპის ჩემპიონატი სახლში მოვიგოთ“, - თქვა კეინმა.
შეგახსენებთ, იტალიისა და ინგლისის ფინალური შეხვედრა 11 ივლისს, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.