ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე მარცხი განიცადა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ძალიან გაირთულა.
საქართველოს ჩემპიონმა მეტოქეს თამაშით აჯობა, მაგრამ ტაბლო აზერბაიჯანელთა სასიკეთოდ მეტყველებს და ფეხბურთში მთავარი ეს არის. სტუმრებმა ბოძებული შანსები პრაქტიკულად გამოიყენეს, მაშინ როდესაც, „დინამომ“ უამრავი საგოლე მომენტიდან რეალიზება მხოლოდ ერთხელ მოახერხა.
„ნეფთჩის“ პირველივე გააზრებული შეტევა გოლით დასრულდა. 23-ე წუთზე ალასგაროვმა კარიდან გამოსული როინ კვასხვაძე შენიშნა და მას ბურთი თავზე გადაუგდო. აზერბაიჯანელმა შემტევმა ტექნიკურად ითამაშა და ოსტატობა გამოავლინა. გოლის შემდეგ სრულ უპირატესობას „დინამო“ დაეუფლა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. დიდებული იყო „ნეფთჩის“ მეკარე ადილ მამადოვი, რომელმაც არაერთხელ ურთულესი დარტყმა მოიგერია და საკუთარ გუნდს უპირატესობა შეუნარჩუნა. თუმცა, კახა ცხადაძის გუნდს იმდენად საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა, რომ შეუძლებელი იყო ამას შედეგი არ გამოეღო.
გამოიღო კიდეც: 36-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და მატჩის გმირ მამადოვს შანსი არ ჰქონდა, ვერც გაინძრა - 1:1. სერბმა ფორვარდმა ლოგიკური დასასრული მისცა დინამოელთა მუდმივ იერიშებს. პირველი ტაიმი ასე დასრულდა, თუმცა, ეს არ იყო სამართლიანი შედეგი, რადგან „დინამო“ ნამდვილად იმსახურებდა წინ გასვლას.
მეორე ტაიმში თბილისელებს ასეთი კოლოსალური უპირატესობა აღარ ჰქონიათ საგოლე მომენტების მხრივ, მაგრამ მეტოქეს ისევ სჯობდა. მიუხედავად ამისა, მაინც წააგო. 57-ე წუთზე მაჰმუდოვი საჯარიმოში ლევან ხარაბაძემ წააქცია და პენალტი დაზარალებულმა შეასრულა, როინ კვასხვაძემ აიღო, მაგრამ მსაჯმა პენალტის გამეორება ბრძანა - მიზეზი ის იყო, რომ ქართველ მეკარეს დარტყმის დროს კარის ხაზზე ფეხი არ ედგა. მეორედ ბოძებული შანსი კი მაჰმუდოვმა ხელიდან არ გაუშვა და ბაქოელები წინ გაიყვანა.
„დინამო თბილისს“ საკმარისი დრო ჰქონდა გასათანაბრებლად, მომენტებიც შექმნა, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და მნიშვნელოვან გამარჯვებამდე საქმე მიიყვანეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ბაქარ ქარდავას ჰქონდა ყველაზე კარგი შანსი, მაგრამ მისი თავური კარის ძელს მოხვდა და „ნეფთჩის“ ძალიან გაუმართლა...
საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში ბაქოში შედგება, მოგეხსენებათ სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს, ამდენად ცხადაძის გუნდს იქ ნებისმიერი ანგარიშით მოგების შემთხვევაში ექნება შანსი. ამ წყვილში დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფას „მაკაბისა“ და ალმატის „კაირატს“ შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.
„დინამო თბილისი“ – „ნეფთჩი“ 1:2 (1:1)
თბილისი, „დინამო არენა“
„დინამო თბილისი“ (3-5-2): კვასხვაძე; ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო; სპორკსლედე (ოსეი 83), რადინი, ქარდავა, კუცია (ქავთარაძე 68), ხარაბაძე (მორჩილაძე 73); გაბედავა (ახვლედიანი 68), მარუშიჩი
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
„ნეფთჩი“ (3-5-2): მამადოვი; ჩელიკი, მბოჯი, სტანკოვიჩი; სოარესი, მაჰმუდოვი, კანე, ბუგრინი (აბასოვი 90), ლავალი (ბულუდოვი 86); კოლი (ნასაფოვი 88), ალასგაროვი
მწვრთნელი: სამირ აბასოვი
გოლები: 0:1 ალასგაროვი (23), 1:1 მარუშიჩი (36), 1:2 მაჰმუდოვი (56)
გაფრთხილება: ქარდავა (84) - ლავალი (77)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 6 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:3
მსაჯი: დავიდ ფუქსმანი (ისრაელი)