ჩოგბურთი

20:08 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მეასე გამარჯვება ბალახის კორტზე - ნოვაკი უიმბლდონის ნახევარფინალშია

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს და მეოთხედფინალში სერბმა მარტონ ფუჩოვიჩი სამ სეტში 6:3, 6:4, 6:4 დაამარცხა. ნოვაკმა კარიერის განმავლობაში ბალახის საფარზე მეასე გამარჯვება (18 წაგება) მოიპოვა, ხოლო უიმბლდონის ნახევარფინალში მეათეჯერ გავიდა.

სერბი ჩოგბურთელი ამ კვირაში მეოცე დიდი სლემის ტურნირის მოგებას აპირებს და ამ მაჩვენებლით რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის რეკორდს გაიმეორებს. მიმდინარე სათამაშო წელს კი ჯოკოვიჩმა 35 მატჩიდან 32 მოიგო და სამი ტურნირია მის ანგარიშზე - ავსტრალიის და საფრანგეთია ღია პირველობები და ბელგრადის ღია ტურნირი.

34 წლის ჩოგბურთელი ასევე ძალიან ახლოსაა გახდეს მეხუთე ჩოგბურთელი, რომელიც წლის სამ დიდი სლემის ტურნირს მოიგებს. აქამდე ასეთი შედეგი ჯეკ კროუფორდმა (1933), დონ ბაჯიმ (1938), ლიუ ჰოდიმ (1956) და როდ ლეივერმა (1962, 1969) დააფიქსირეს. ჯოკოვიჩი მეექვსედ შეეცდება უიმბლდონი მოიგოს, თუმცა მანამდე ნახევარფინალში სერბმა დენის შაპოვალოვი უნდა დაამარცხოს.

კანადელმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი დაძაბულ ბრძოლაში 6:4, 3:6, 5:7, 6:1, 6:4 დაამარცხა. შაპოვალოვი პირველად გავიდა დიდი სლემის ნახევარფინალში. სერბი კანადელს ურთიერთშეხვედრებში 6:0 ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108912