ფეხბურთი

2:39 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ჯერ არაფერი დასრულებულა, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ესპანეთთან ევრო 2020-ის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ ამას ელოდა კიდეც, რადგან შეუძლებელია, ყოველთვის შემტევი ფეხბურთი ითამაშო.

„ეს შედეგი ჩემი დამსახურება არ არის, ბიჭების დამსახურებაა, რადგან მათ ამ ყველაფრის სჯეროდათ ჯერ კიდევ სამი წლის წინ. ძალიან რთული თამაში იყო, ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, განსაკუთრებით ასე თავიდან იყო, შემდეგ ვიპოვეთ სწორი თამაში. გუნდები უტევენ და თავს იცავენ, მხოლოდ შეტევას ვერ ითამაშებ, საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა, ძალიან გახსნილი თამაში იყო ორ შესანიშნავ გუნდს შორის. 1:0-ის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მეორეს გავიტანდით, ბოლოს გაგვიჭირდა, მაგრამ დამატებით დროში ნაკლებად.

ბედნიერები ვართ, მაგრამ ჯერ უნდა მოვიცადოთ. ესპანეთი ნამდვილად დიდი გუნდია, გაგვიჭირდა, რადგან ბურთს ფლობდნენ და ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობდნენ. თუმცა, ჩვენც მოვახერხეთ, რაც შეგვეძლო. ვფიქრობ, კარგი მატჩი იყო და ორივე გუნდს ჰქონდა შანსები.

ესპანეთის ბურთის ფლობის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ძალიან გვინდოდა ფინალში გასვლა და მივაღწიეთ. როდესაც თამაშობ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ასე ინტენსიურად, არის მატჩებიც, როცა გაგიჭირდება და ყველაფერი იდეალურად ვერ წავა. სინამდვილეში ძალიან რთული თამაში იყო. გამარჯვება ბიჭების წყალობით მოვიპოვეთ. ახლა ბედნიერები ვართ, თავიდან თითქმის არავის სჯეროდა ამის, ახლა კი ამ გამარჯვებას ყველა იტალიელს ვუძღვნით. ბედნიერი ვართ და მადლობას ვუხდი ბიჭებს ამ ლამაზი რაღაცის შექმნისთვის. ჯერ ყველაფერი არ გაგვიკეთებია, ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან წინ ფინალია და საქმე ბოლომდე მისაყვანია“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებს ფინალში 11 ივლისს, ინგლისის ან დანიის ნაკრებთან შეხვედრა ელოდება. რობერტო მანჩინის გუნდს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ გავიდა.

0.116814