ფეხბურთი

2:03 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დრამა "უემბლიზე": იტალია ფინალშია!

იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის პირველი ფინალისტია! „სკუადრა აძურამ“ ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში უმძიმეს ბრძოლაში პენალტების სერიაში დაამარცხა და 11 ივლისს, „უემბლის“ სტადიონზე გადამწყვეტ მატჩში ითამაშებს.

ესპანეთი ბურთს ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო საგოლე მომენტი გაცვალეს. დანი ოლმოს ჯანლუიჯი დონარუმამ აჯობა, ხოლო ემერსონის დარტყმა ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმი იტალიის გოლით დაიწყო. მე-60 წუთზე ფედერიკო კიეზამ დიდებულად ითამაშა და ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა. ესპანეთმა შეუტია, მაგრამ საგოლე მომენტებს ისევ ვერ ქმნიდა და დომენიკო ბერარდი იქეთ დარჩა უნაი სიმონისთან პირისპირ, მაგრამ სუსტად დაარტყა.

ესპანეთმა მე-80 წუთზე გაათანაბრა. იტალიელებმა დაცვასა და ნახევარდაცვაში შეცდომა დაუშვეს და ალვარო მორატა მეკარესთან მარტო დარჩა, გატანა კი მოახერხა. ეს მე-80 წუთზე მოხდა და ძირითად დროში არაფერი შეცვლილა.

დამატებითი დროის პირველ ტაიმში ესპანეთი უფრო აქტიურობდა და ჰქონდა ერთი საგოლე მომენტიც, მაგრამ ვერ გამოიყენა, ხოლო მეორე დამატებით დროში იტალია უფრო კარგი იყო, თუმცა, მომენტის გარეშე. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. უნდა ითქვას, რომ ესპანეთმა პლეი-ოფში ყველა თამაში დამატებით დროში ითამაშა და წინა ეტაპზე პენალტების სერიაშიც მოიგო.

საფეხბურთო ლატარეა ესპანეთისთვის ახლაც დიდებულად დაიწყო, უნაი სიმონიმ მანუელ ლოკატელის აჯობა, მაგრამ მერე იტალიელთა მხრიდან ანდრეა ბელოტი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო ბერნარდესკი უშეცდომონი იყვნენ, ხოლო ესპანელთაგან დანი ოლმომ კარს ააცილა და დონარუმამ მორატას აჯობა. გადამწყვეტი პენალტი ჟორჟინიომ უნაკლოდ დაარტყა და იტალია ფინალში გავიდა.

ევრო 2020-ის მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს, ინგლისისა და დანიის ნაკრებთა შეხვედრაში გაირკვევა.

იტალია - ესპანეთი 1:1 პენ: 4:2 (0:0)

ლონდონი, „უემბლი“

იტალია (4-3-3): დონარუმა; დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი (ტოლოი 74); ბარელა (ლოკატელი 85), ჟორჟინიო, ვერატი (პესინა 74); კიეზა (ბერნარდესკი 107), იმობილე (ბერარდი 61), ინსინიე (ბელოტი 85)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი; ასპილიკუეტა (ლორენტე 85), გარსია (პ. ტორესი 109), ლაპორტი, ალბა; კოკე (როდრი 70), ბუსკეტსი (ტიაგო ალკანტარა 106), პედრი; ფ. ტორესი (მორატა 62), ოიარსაბალი (მორენო 70), დანი ოლმო

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 კიეზა (60), 1:1 მორატა (80)

პენალტების სერია: 0:0 ლოკატელი (მეკარე), 0:0 დანი ოლმო (ააცილა), 1:0 ბელოტი, 1:1 მორენო, 2:1 ბონუჩი, 2:2 ტიაგო ალკანტარა, 3:2 ბერნარდესკი, 3:2 მორატა (მეკარე), 4:2 ჟორჟინიო

გაფრთხილება: ტოლოი (98), ბონუჩი (118) - ბუსკეტსი (51)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ფედერიკო კიეზა (იტალია)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 11 (4) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 1:6 თამაშგარე: 8:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15193