ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ლუკას პოდოლსკი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. 36 წლის თავდამსხმელი ჟაბრჟეს „გურნიკს“ შეუერთდა და კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პოდოლსკი წარმოშობით პოლონელია და ამ ქვეყანაში დაიბადა, თუმცა აქამდე სამშობლოში არასდროს უთამაშია.
ბოლოს ლუკასი თურქული „ანტალიასპორის“ ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე თამაში იაპონიაში, „ვისელ კობეში“ მოასწრო. კარიერის საუკეთესო წლები „პოლდის“ „კიოლნში“, „ბაიერნსა“ და „არსენალში“ გაუტარებია. ასევე იყო „ინტერისა“ და „გალათასარაის“ წევრი.
გერმანიის ნაკრებში ლუკას პოდოლსკიმ 2004-2017 წლებში 130 მატჩში 49 გოლის გატანა მოახერხა.